მმართველი გუნდის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარებას ეხმაურება. როგორც ქანთარია ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ამ ჟესტით რუსეთის პრეზიდენტისადმი პატივისცემა გამოხატა. ამასთან, ქანთარია დარწმუნებულია, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ სხვა სახელმწიფოების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება არ დაიწყება.
,,ბაშარ ალ-ასადი ვალშია პუტინთან და ეს არის ვალის გასტუმრების მცდელობა. დარწმუნებული ვარ, სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარების შემდეგ არ დაიწყება სხვა სახელმწიფოების მიერ კასკადი აღიარების. პუტინმა შეუნარჩუნა ასადს ძალაუფლება და ამ ჟესტით გამოხატა ასადმა რუსეთის პრეზიდენტისადმი მადლიერება“ _გვითხრა ქანთარიამ.
ცნობისთვის, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ სპეციალური განცხადება დღეს გაავრცელა.