რამდენიმე დღის წინ აღებული მონაცემებით ირკვევა, რომ ლანჩხუთში მთლიანი საყანე ფართობების, დაახლოებით, 30%-ია დამუშავებული და რეალობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, არც უნდა ველოდოთ ამ კუთხით მნიშვნელოვან ცვლილებას. ამ მონაცემიდან გამომდინარე კი ფაქტად რჩება, რომ წინა წლებთან შედარებით წელს რეკორდულად დაიწია მიწის დამუშავების მაჩვენებელმა ლანჩხუთში.
მერიის სოფლის მეურნეობისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მამუკა ვადაჭკორიას საუბრიდან ირკვევა, რომ ვაუჩერიზაციის პირობებში მუნიციპალიტეტში 4 800 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდებოდა, თუმცა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი სამი ათასზე ჩამოვიდა, ხოლო წლევანდელი სტატისტიკით მხოლოდ ათასი ჰექტარია მთლიანობაში დამუშავებული. ვადაჭკორია ხვნა-თესვის სეზონის საბოლოო დამთავრებამდე 1 200 ჰექტარი ფართობის დამუშავებას პროგნოზირებს, რაც მუნიციპალიტეტში არსებული საყანე ფართობების 30 პროცენტიც კი არაა.
სოფლებიდან აღებული მონაცემების მიხედვით, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ღრმაღელის, ჩოჩხათისა და ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულებშია, სადაც შესაბამისად, 130 და 70-70 ჰექტარი საყანე ფართობებია დამუშავებული. არადა, არსებული პრაქტიკით, ყველაზე ადრე შუხუთისა და ლესის ფართობები იხვნებოდა, თუმცა, წელს ეს პროცესი გაჭიანურდა.
თავად სოფლის თავკაცები ამ ფაქტს მოსახლეობის შეჭირვებული მდგომარეობითა და მიწის დამუშავების სურვილის არქონით ხსნიან. იგივე მდგომარეობაა ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულშიც, სადაც ფართობების მხოლოდ მეოთხედია დამუშავებული. აქ გვალვამ და ფაროსანას შემოტევამ მოსახლეობა იმედგაცრუებული დატოვა და ახლა ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ სანამ ფაროსანას პრობლემა არ მოგვარდება, მანამ ყანის დათესვას აზრი არ აქვს.
მიწის დამუშავების მხრივ ცუდი მდგომარეობაა ქალაქშიც, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ერთეული ტექნიკა დროულად იყო მობილიზებული, საყანე ფართობების მხოლოდ 30 პროცენტამდე თუა დახნული.
აღსანიშნავია, რომ წელს ტექნიკის პრობლემა ლანჩხუთის მოსახლეობას ნაკლებად აქვს. იმ სოფლებში, სადაც ადგილობრივ მექანიზატორთა ნაკლებობაა, ფირმა “მექანიზატორია” მზად, რომ ყველა პრობლემა გადაჭრას, ოღონდ საამისოდ თანხის ანგარიშზე წინასწარ შეტანაა საჭირო. ბევრისთვის სწორედ ეს “ხელზე ფულია” მთავარი პრობლემა, ბევრს არ აქვს საჭირო თანხა.
ცნობისთვის, ლანჩხუთში თუ ერთი ჰექტრის დამუშავება 340 ლარი უჯდებოდა გლეხს, ახლა ყანის დახვნა, გაფხვიერება და დათესვა 300 ლარადაა შესაძლებელი, თუმცა, ფასების დაბლა დაწევამაც დიდი ვერაფერი შედეგი გამოიღო.
თავად მოსახლეობა მიწების არდამუშავების რამდენიმე მიზეზზე საუბრობს. ერთ-ერთი, რის გამოც სოფლის მოსახლეობა ვერ ახერხებს ყანის დახვნა-დათესვას, როგორც თავად ამბობენ, მატერიალური სიდუხჭირეა. მათი თქმით, არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, რომ ხვნა-თესვისთვის საჭირო თანხა მოიძიონ და თუ აქვთ, ზოგს ენანება, რადგან გარანტია, რომ გაწეული შრომა და ხარჯი წყალში არ ჩაეყრება და მოსავალს ფაროსანა არ გაუნადგურებს, არ არსებობს.