კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი “გურია” 50 წლის გახდა.
ანსამბლს იუბილე სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა სტუმრებმა, მეგობრებმა და გულშემატკივრებმა მიულოცეს.
ხელოვნების სასახლეში გამართულმა საიუბილეო კონცერტმა, სრული ანშლაგით ჩაიარა.
ანსამბლი, რომლის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის ხელოვნების დამსახურებულ მუშაკს, კულტურის იმდროინდელი განყოფილების ხელმძღვანელს, რევაზ თედორაძეს ჩამოყალიბდა 1967 წელს, ჩოხატაურის რაიონის კულტურის სახლში.
დაარსების დღიდან 2006 წლამდე ანსამბლის ხელმძღვანელი გახლდათ კულტურის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენის მფლობელი, ბატონი ვაჟა გოგოლაძე.
ანსამბლის შექმნის წინაპირობა იყო ქართული ხალხური, კერძოდ, გურული სიმღერების აღდგენა და მსმენელამდე მიტანა. ანსამბლს რეპერტუარში ჰქონდა საქართველოს ყველა კუთხის 55 სიმღერა, მასში, ძირითადად, გურული სიმღერები შედიოდა.
იმ დროისათვის ანსამბლის წევრები გახლდათ: ვაჟა გოგოლაძე, გივი აცანელიძე, ავთანდილ აცანელიძე, ბონდო ბენდელიანი, გივი ბენდელიანი; ზური ბერძენიშვილი, იური გოგიბერიძე, შოთა დოლიძე, ბესარიონ კობიძე, ზურაბ კალანდაძე, სანდრო კალანდაძე, ტარიელ კილასონია, შალვა მეფარიშვილი, აკაკი სიხარულიძე; დიმიტრი ცინცაძე და ბეგი ცინცაძე.
ანსამბლი წლების მანძილზე მონაწილეობდა რესპუბლიკისა თუ რესპუბლიკის გარეთ ჩატარებულ ფესტივალებში და შემოქმედებით საღამოებში.
განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ რამდენიმე _ 1985 წელს “გურია” მიიწვიეს ქალაქ მოსკოვში კომპოზიტორთა კავშირის სამეცნიერო სესიაში მონაწილეობისათვის, სადაც ჩაიწერა 14 სიმღერა.
2001 წელს მონაწილოება მიიღეს ქალაქ სოჩაში გამართულ ფესტივალზე “ოქროს საწმისი”.
2006 წელს ანსამბლი იმყოფებოდა საფრანგეთში, ქალაქ პარიზში ერთ-ერთ წამყვანი რადიოს მიწვევით.
არაერთი უცხოელი ფოლკლორისტი დაინტერესებულა ანსამბლ “გურიას” სიმღერებით:
1983 წელს საქართველოში ჩამოსული იყო იაპონელი ფოლკლორისტი მუსიკათმცოდნე, რომელმაც ჩაწერა ანსამბლის რეპერტუარი.
2008 წელს ავსტრალიაში მცხოვრებმა ქართველმა ფოლკლორისტმა ნინო ციციშვილმა ავსტრალიის ტელევიზიისთვის გადაიღო ანსამბლი გურია.
2014 წელს კი პროექტის _მუსიკა მოგზაურობს ფარგლებში, შვეიცარიელმა მუსიკოსმა ანა ჰაელფლიგერმა ჩაწერა ანსამბლის რამდენიმე სიმღერა.
2006 წლიდან 2011 წლამდე ანსამბლს ხელმძღვანელობდა ლოტბარი ჯემალ ნაკაშიძე _ ეს არის ადამიანი, რომელიც რესპუბლიკის და არამარტო რესპუბლიკის სცენაზე იდგა იმ ბუმბერაზ მომღერლებთან ერთად, რომლებიც გახლდათ ჰამლეტ გონაშვილი, ჯემალ ჭკუასელი, რამინ მიქაბერიძე, ილია ზაქაიძე, აკაკი ლანდია და სხვები.
2011 წლიდან დღემდე ანსამბლის ხელმძღვანელია ბატონი ავთანდილ მახარაძე _ კაცი, რომელსაც სულში აქვს გამჯდარი ხალხური სიმღერა, კაცს, რომელსაც განურჩევლად ასაკისა ნებისმიერ დროს შეუძლია ასწავლოს სიმღერა დიდსა და პატარას, რუდუნებით ეძიებს და პოულობს ძველ საგალობლებს…
დღევანდელი ანსამბლ „გურიას” წევრები გახლავთ: ავთანდილ მახარაძე, ჯემალ ნაკაშიძე, გიზო მახარაძე, დემურ ვაჩეიშვილი, ავთანდილ მეფარიშვილი; დათო ჟორჟოლიანი, ზურაბ მეფარიშვილი, გიორგი გრიგალაშვილი, არსენ დუნდუა, მურმან ბუბუტეიშვილი, ოთარ ცინცაძე, ვაჟა სიხარულიძე, გურამ კოროშინაძე და გელა ცინცაძე.
მასალა მომზადებულია
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის
პრესსამსახურის მიერ