მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან.
ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
შოთაძემ ეს პროკურორები დაასახელა – სერ ჯეფრი ნაისი (Sir Geoffrey Nice) – 1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს. ნაისი, სერ დეზმონდ დე სილვასა და დევიდ კრეინთან ერთად, არის 2014 წელს გამოცემული საერთაშორისო ანგარიშის ავტორი, რომელიც სირიაში დაკავებულთა წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტებს ეხება. ამჟამად ის პერიოდულად მუშაობს მოსამართლედ და ლონდონის გრეშამის კოლეჯის სამართლის პროფესორია;
მოშე ლადორი (Moshe Lador) – იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე ყოფნისას იგი ზედამხედველობდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა სისხლისსამართლებრივ საქმის წარმოებას, მათ შორის სისხლისსამართლებრივ დევნას ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის, პრეზიდენტ მოშე კაცავის, და სხვა რამდენიმე მინისტრისა და მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. ამ თანამდებობის დაკავებამდე მოშე ლადორი იყო იერუსალიმის რაიონული პროკურორი;
პოლ კაფი (Paul Coffey) – ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ის გაეროს მისიით იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულებათა გამოძიებას.