ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმის განაჩენს ხვალ ჩოხატაურში გააპროტესტებენ.
აქცია, ახალგაზრდების მიერ, მუნიციპალიტეტის მერიის შენობის გვერდით, კრიმანჭულის პარკში, 2 საათზეა დაგეგმილი:
“ყველამ ვიცით დღეს რაც მოხდა. ყველანი კიდევ ერთხელ გავხდით მოწმენი იმისა, რომ ჩვენი დღევანდელი სამართლებრივი სისტემა კორუმპირებული და ჩაბნელებულია!
სისტემური დანაშაულების ერა უნდა დასრულდეს!” _ აღნიშნავს აქციის ერთ-ერი ორგანიზატორი თორნიკე სამსონია.
მისივე თქმით, შეკრების მცდელობა დღესაც ჰქონდათ, თუმცა არ გამოვიდა:
“ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები! მეც ჩოხატაურელი ვარ და ვიცი მსგავსი აქციები ახალი ხილია ჩვენი რაიონისთვის. იმედი მაქვს, ხვალ ბევრნი ვიქნებით კრიმანჭულის პარკში. მოვუწოდებ ყველას _ გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ ბავშვების მკლველების მფარველი სისტემა!
ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც მალე უნდა აიღოს და აიღებს სამართლიანი სამართლის სადავეებს ხელში. ერთად, მშვიდობიანად გავაპროტესტოთ უსამართლობა! ჩვენი ვალია სამართლიანობის აღდგენა! ძალა ჩვენშია და დღეს ხალხი ჩვენს გვერდშია, ძალა ერთობაშია!” _ აღნიშნავს სამსონია.