_ ახლა პრემიერი გამობრძანდა და თქვა, რომ ხალხი პოზიტიურად შეხვდა მის გამოსვლას. მატყუარაა პრემიერი! გადადგეს!, _ აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ რაც გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო ბრიფინგი დასრულდა, რომელზეც პრემიერმა თქვა, რომ მისი გადადგომის საჭიროებას ვერ ხედავს.
“არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან, პირველ რიგში მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან და სხვა გარდაცვლილების მშობლებთან.
გავაკეთე ეს მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციები იყო მოსალოდნელი. ყველამ დაინახა, რომ ჩემი მისვლა იქ მდგომი ადამიანების აბსოლუტურად უმრავლესობამ მიიღო პოზიტიურად. ხოლო პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა არ მომცა საშუალება, გამეკეთებინა ჩემი განცხადება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ ბრიფინგის გამართვამდე რამდენიმე წუთით ადრე, პრემიერი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა, თუმცა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებმა მას სიტყვით გამოსვლის დასრულების საშუალება არ მისცეს, სხვადასხვა ნივთები ესროლეს, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილი დაცვამ ტერიტორიიდან გაიყვანა.