თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას დღეს სტუდენტებიც შეუერთდებიან.
„სტუდენტები სამართლიანობისთვის!
1 ივნისს, 18:00 საათზე, 51-ე სკოლიდან დაიწყება სტუდენტთა მსვლელობა პარლამენტის შენობამდე.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნითა და ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად.
სტუდენტები ვემიჯნებით პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ ინტერესებს.
ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც გვერდით ედგება ზაზა სარალიძეს სამართლიანობის მოსაპოვებლად“, _ ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აქცია გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.
მოსამართლემ, 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.