1930 წლის 7 დეკემბერს, შუადღისას, პარიზის ქუჩებს მიუყვებოდნენ ნოე რამიშვილი და ემიგრაციის ცნობილი მოღვაწე სანდრო მენაღარიშვილი.
“სანდრო, რას ფიქრობ საქართველოს მომავალზე?” _ ჰკითხა ნოემ თანამგზავრს და ორჯერ გავარდა რევოლვერი. ეს იყო ნოე რამიშვილის უკანასკნელი სიტყვები!
ცნობილი ამბავია _ ქართველს ისევ ქართველი თუ დაამარცხებსო, იტყვიან და ამჯერადაც ეს საზარელი დავალება ოზურგეთელმა პარმენ ჭანუყვაძემ შეასრულა.
სიცოცხლის 49-ე და ემიგრაციაში ყოფნის მე-9 წელში იდგა მაშინ ჯანმაგარი ვაჟკაცი და უკვე მსოფლიოში ცნობილი მძიმე წონის პოლიტიკოსი, რომლის სიკვდილს ფართოდ გამოეხმაურა ევროპა. პარიზის პრესა იმასაც კი იტყობინებოდა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველ თავმჯდომარეს და შინაგან საქმეთა მინისტრს, კუბოში დაკემსილი წინდები ეცვა!
ვინ იყო ნოე რამიშვილი?
რადგან ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომება და არა მიწის ზევიდან, აღმოსავლეთ გურიის შორეულ მთებს _ სურებს უნდა მივაკითხოთ.
XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე, აქაური მოსახლეობა უკიდურეს შევიწროებას განიცდიდა ოსმალოთაგან ტყვეთა გატაცების გამო. გუბაზოულის ხეობას სატობისღულით ძველკარასაკენ მიმავალ გზას, ბუღარა მამალაძე იცავდა. ზოტიდან და ქვაბღიდან სურებისკენ მიმავალს კი ოტია რამიშვილი, რომელსაც ოტია შლეგს ეძახდნენ, რაც ამ შემთხვევაში დაუძლეველს ნიშნავდა. ამიტომაც ეძახიან რამიშვილთა ამ განშტოებას შლეგიშვილებს. გამხდარ, მაგრამ უდიდესი ძალისა და გონების მქონე ოტიას ამსგავსებდნენ მის ნაშიერს, ნოე რამიშვილს.
ხის სახლების განთქმულ ოსტატს ბესარიონ რამიშვილს და მის მეუღლეს მაკა მგელაძეს ექვსი ვაჟი და ერთი ქალი ჰყავდათ. ნოე ოჯახის მესამე ვაჟი იყო. დაწყებითი განათლება დიდივანში მიიღო. შემდეგ იყო ოზურგეთის და ქუთაისის სასულიერო სემინარია. იურიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსიდან გამოაგდეს სტუდენტთა რევოლუციურ წრეებში აქტიურად მონაწილეობის გამო.
საქართველოში დაბრუნებული თაოსნობს ბათუმისა და გურიის მუშათა და გლეხთა გაერთიანებას, დაიჭირეს და როსტოვში გადაასახლეს, თბილისიდან ბათუმს მიმავალი მატარებლიდან გადახტა და ეტაპს გამოექცა.
დააარსა გაზეთი “სოციალ-დემოკრატი” და სათავეში ჩაუდგა საქართველოს რევოლუციურ მოძრაობას.
იწყება დაუნდობელი ბრძოლა ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის. სტალინი ტერორის მომხრეა, ნოეს ჰუმანიზმსა და რელიგიის ხელშეუხებლობას ითხოვს. იწყება ცნობილი დებატები ჭიათურაში, ბათუმში, ხიდისთავში. ნოე ყველგან ამარცხებს სტალინს. ნოეს აღზევებას, განუმეორებელი გონების პოლიტიკოსობასთან ერთად, ხელს უწყობს მჭერმეტყველებისა და ორატორობის იშვიათი უნარი. 1908 წელს ლაიპციგიდან ჟენევაში ჩადის ნოე რსდმპ ცკ-ს სხდომაზე, სადაც დებატებში ამარცხებს სტალინს. იგი, ამ დღემ რუსეთის იმპერიის დიდ პოლიტიკოსად აქცია. სტალინი და რამიშვილი დაუძინებელ მტრებად იქცნენ.
ნოეს დისშვილი მამია ბერიშვილი იგონებს: “რამიშვილმა და სტალინმა დაარტყეს ერთმანეთს. რამიშვილი ხმელი იყო, მარა იმას (სტალინს) ხელი ტკიოდა. რო გაარტყა, ქე წეიქცა მიწაზე და რამიშვილო, გადაგიხდი მაგასო და ქეც გადაუხადა” (გელა სულაძე, “ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები”, 2012წ. გვ 232).
მდიდარი საქართველო შურმა და პირველობისთვის ბრძოლამ გააღარიბა! უჭირს სიმართლეს საქართველოში, მამინაცვლის სუსხსა და ტანჯვაში გაზრდილი სოსო ტერორიზმის მომხრე იყო. დიდი ჰუმანისტისა და თავისუფლების მოყვარე ისიდორე რამიშვილის მოწაფე _ ადამიანთა ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძოდა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
საქართველო დღეს დამოუკიდებელია! უმადურობა იქნება, ნოე რამიშვილზე საუბრისას გვერდი ავუაროთ მისი დის, მართას ოჯახს! როცა მართა შუასურებელ შეძლებულ გლეხზე, ნესტორ ბერიშვილზე გაათხოვეს, ნოე 12 წლისა იყო და მაყრებს წინ მოუძღოდა. მაშინ მას “კოჟორას” ეძახდნენ, რაც კოჟრიანს ნიშნავს. კოჟორე ამ ქორწილიდან 8 წელიწადში რუსეთის იმპერიის ცნობილი პოლიტიკოსები გახდა. მის ზესვლას მოყვა ნესტორ ბერიშვილის 12 შვილის თავს დამტყდარი ტრაგედია. ეს ერთი დიდი ეპოპეაა და საცა სამართალია, ამ ხალხს ხსოვნის შენახვა ეკუთვნის!
დრო-ჟამმა სწორად შეაფასა და ვეღარასოდეს გადააფასებს ნოე რამიშვილს. ლევილში ძინავს ოცნებას საქართველოში დაბრუნებაზე. სურების ორღობეში გაჩხერილი წინაპრების გოდებაც ისმის. ნოეს დას _ მართას, გარდა ერთისა, არც ერთი შვილი არ დაუტირებია _ სად იყო საფლავები?! არც შვილებმა იცოდნენ, რა ბედი ეწია 87 წლის თვალდავსილ მართას, როცა 1949 წლის მაისის ერთი დღის გამთენიას, თავად რუხაძემ წაიყვანა სურებიდან და ყაზახეთის გზას გაუყენა. ამბავი მოვიდა სოფელში, მატარებლიდან გადააგდეს გარდაცვლილიო!
ნოე რამიშვილი _ მწვერვალთა შვილი… “მწვერვალები კი არწივების საბუდარია და არა ქურდბაცაცა ბეღურებისა და ღობემძვრალა ჭინჭრაქების (ოტია იოსელიანი)”. იგი არც ერთი დროის არც ერთ პოლიტიკოსს არ ჰგავს!
“ნოე რამიშვილი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც გამოაღო საქართველოს მთვლემარე პოლიტიკური ქარვასლის ბჭეკარი და შიგ შეუშვა მთელი ქართველი ერის აზღვავებული ნება-სურვილი იყოს თავისუფალი, იყოს დამოუკიდებელი. ნიშნად პატივისა, ერმა მას ჩააბარა საქართველოს ბედ-იღბალი” (ლევან ფაღავა, ემიგრანტი).
ნოე რამიშვილი მეფის წყაროდან (სუფსის სათავე) მომდინარე სუფსის ტალღებს აგლეჯილი ზვირთია, შორს გადატყორცნილი და მაინც მარად ჩვენთან მყოფი.
პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე, რამიშვილის დაკრძალვის დღეს, საზოგადოებას ასე მიმართა ნოე ჟორდანიამ: “მე ცალი ხელი მომჭრეს, ვისაც მისი პატივისცემა გინდათ, გაჰყევით მის გზას”. საქართველოს სხვა გზით სიარულის არც უფლება აქვს და არც სურვილი!
რუსუდან ბერიშვილი