მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისის მოსახლეობას მესამე დღეა ბუნებრივი აირი არ მიწოდება. კომპანია “სოკარის” პრესსამსახურში “გურია ნიუსს” თავდაპირველად უთხრეს, რომ ეს გეგმიური გათიშვა იყო:
_ ეს იყო გეგმიური გათიშვა, რის შესახებაც მოსახლეობას წინასწარ დაეგზავნათ შეტყობინებები, _ გვითხრა კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თეონა ხუხაძემ.
მისივე ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება სოფელს დღეს, 3 საათზე უნდა აღდგენოდა, თუმცა, როგორც ადგილობრივებმა “გურია ნიუსს” აცნობეს, გაზი არ ჩართულა.
_ ასეთი უპასუხისმგებლობა არ გვინახავს. ვიცოდით, რომ დღეს მოვიდოდა, თუმცა არ მოვიდა. ვერც იმას გვეუბნებიან, როდის ჩაირთვება და ვინაა ამაზე პასუხისმგებელი, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას ლისის მაცხოვრებლებმა.
სიტუაციის გადამოწმება “გურია ნიუსმა” “სოკარის” ცხელ ხაზზე სცადა, სადაც პრესსამსახურისგან განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდეს. ოპერატორის ინფორმაციით, ლისში ახალი დაზიანების კერა აღმოჩნდა, რის გამოც სოფელს გაზი ორი დღის განმავლობაში არ ჩაერთვებოდა.
იმის გასარკვევად თუ ვინაა პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე და რა უნდა ქნას მოსახლეობამ ასეთ დროს, ასევე რატომ მოგვაწოდა არასწორი ინფორმაცია, ისევ თეონა ხუხაძეს დავუკავშირდით:
_ თქვენთან სუაბრის შემდეგ გადავამოწმე დეტალები და აღმოჩნდა, რომ ახალი დაზიანების კერა აღმოაჩინეს. დაზიანებულია 200 მილიმეტრიანი მკვებავი გაზსადენი, რომელიც მიწისქვეშ იყო. საკმაოდ რთული დაზიანებაა, რომლის შეკეთება უკვე დაიწყეს. ვარაუდობენ, რომ ხვალ 4 საათისთვის, მაქსიმუმ ზეგ დილით სოფელ ლისს გაზის მიწოდება აღუდგება, _ გვითხრა ხუხაძემ.
კომპანია “სოკარის” პრესსამსახურის თქმით, მოსახლეობის პრობლემა ესმით, თუმცა, ეს სიტუაცია მათზე არაა დამოკიდებული:
_ გვესმის რომ პრობლემაა და მოსახლეობა წუხს, თუმცა ჩვენზე არაა დამოკიდებული. მიწისქვეშა სამუშაოები ტარდება, რაც ძალიან რთულია. წარმოიდგინეთ, მიწის ქვევით, გარკვეულ სიღრმეზე მილი დაზიანდა, რომლიდანაც გაზი ამოდიოდა. ამ ყველაფრის პოვნას, შეკეთებას დრო უნდა. ძალიან ვწუხვართ და ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, _აღნიშნა ხუხაძემ.
ძალიან რთულია და ჩვენზე არაა დამოკიდებული