პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ხმაურიანი განცხადებებით დაიწყო. ადა მარშანიამ საგამოძიებო კომისიაში „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობა გააპროტესტა.
ადა მარშანია მოითხოვს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შესასწავლ საკითხთა წრე გაფართოვდეს ან ახალი კომისია შეიქმნას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მომხდარ დანაშაულებებს გამოიძიებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპუტატი ამბობს, რომ “პატრიოტთა ალიანსი” ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების მიზნით შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიას დატოვებს.
„ამ კომისიის შექმნით განსაკუთრებულად მისი შემადგენლობის სახით დავაკანონეთ აბსურდი, საღი აზრი, ზნეობა და მორალი გამოვაცხადეთ სისულელედ და ძვირფასო პროკურატურავ, იმის მაგივრად, რომ თქვენ დიდი ხნის წინ და ახლაც ბატონი ბოკერია დაიბაროთ და დაკითხოთ, ნახეთ რა ხდება, ბატონი ბოკერია თქვენ გიბარებთ აქ, პარლამენტში. აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ მინდა, მივმართო განსაკუთრებით, თქვენ აიზილეთ უკვე ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ პროცესში, თქვენ უკვე ერთი პოლიტიკური ძალა გახდით იმიტომ, რომ მკვლელებს და სადისტებს აფარებთ ხელს. ამ კომისიის შექმნა მწვერვალი არის უკვე,“ – განაცხადა ადა მარშანიამ.
ადა მარშანიას პროტესტის შემდეგ ერთმანეთს პოლიტიკური განცხადებებით „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები დაუპირისპირდნენ.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა უპრეცენდენტო ფაქტია და რადიკალური პოლიტიკური დაპირისპირება საქმეს არ წაადგება.
ადა მარშანიას საპასუხოდ პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ გასვლა განხილვის მთავარ საკითხს არ უნდა წარმოადგენდეს.
„მე, პირადად, ძალიან მივესალმები მათ გასვლას ამ კომისიიდან, იმიტომ, რომ დესტრუქციის გარდა ვერაფერს ვერ შემოიტანენ,“ – განაცხადა ხოშტარიამ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ პარლამენტში მოხვედრა ივანიშვილის გუნდის დამსახურებაა.
ორი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ ადა მარშანიას შეახსენა, რომ კომისია ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების მიზნით შეიქმნა და თუ „პატრიოტთა ალიანსს“ მონაწილეობის მიღება არ სურს, ამას ვერავინ აიძულებს.
რაზეც ადა მარშანიამ მმართველი გუნდი და ოპოზიცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„ისე კარგად ბულბულებთ და გუგულებთ, გუგულებივით ზიხართ და იყავით, გაფრთხილებთ ძალიან ცუდი და მძიმე პროცესები წავა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ საერთოდ ხელიც, რომ არ გავანძრიოთ „პატრიოტებმა“ და ჩუმად ვიყოთ, ძალიან მძიმე პროცესები დაიწყება… ჩვენ საერთოდ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და სხვადასხვა პლანეტაზე ვიმყოფებით,“ – განაცხადა ადა მარშანიამ.
დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიცია უმრავლესობის სახით არის წარმოდგენილი და მას “ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს.