ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე ,,გურია ნიუსთან“ პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კვირიკაშვილი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე საუბრობს. როგორც გიორხელიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, საქართველოში ეკონომიკის განვითარების კუთხით დადებითი ტენდენციები შეინიშნება, თუმცა, მისი თქმით, ინკლუზიური ზრდა არაეფექტურია.
,,საკითხზე რაიმე დასკვნა რომ გაკეთდეს, წლიური მაჩვენებლის ცოდნაა საჭირო. ეს დადებითი ტენდენციებია, მშვიდობიანი პერიოდია. ხალხი უფრო აქტიურდება, საბედნიეროდ. დღეს ხელისუფლება არ არის ძალა, რომელიც მტარვალი იყო და ბიზნესს ახრჩობდა. ასე რომ, შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ გარკვეული ეფექტურობის არასაკმარისობაზე, მაგრამ, ბუნებრივია, კარგია თუ დადებითი ტენდენციები შენარჩუნებული იქნება. კვარტალური შედეგები, როგორც წესი, ძალზე ცვალებადია, ამიტომ სანდო დასკვნის გაკეთება შეიძლება მხოლოდ წლიური შედეგებით. დღეს ჩვენ ნელი ტემპით, მაგრამ წინ მივდივართ.
საქართველოში, ე. წ. ინკლუზიური ზრდა არ არის, სადაც ყველა შრომისუნარიანი მოქალაქე იქნებოდა ჩართული. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ნაწილია ჩართული და რესურსების საკმაოდ დიდი ნაწილი ამ ზრდის გარეთ არის დარჩენილი, ამიტომ ვერ გრძნობს მოსახლეობა იმ მცირე, დადებით ეკონომიკურ ტენდენციებს, რომელიც ქვეყანაშია“, _ გვითხრა გიორხელიძემ.
ცნობისთვის, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვორიკაშვილმა განაცხადა, რომ 2018 წლის აპრილისთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6.5% -ია, რაც, მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე მაღალი რიცხვია, როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში.