მმართველი გუნდის გუშინდელ სხდომაზე რომ სამთავრობო ცვლილებები განიხილებოდა, პრემიერის დღევანდელმა გადადგომამ დაადასტურა. სანამ პრემიერი პოსტს დატოვებდა, ,,გურია ნიუსთან“ ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებასა და გუშინდელი სხდომის დეტალებზე, „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა გახსნილად ისაუბრა.
_ ბატონო ზაქარია, ეკონომიკურ მდგომარეობაზე რას გვეტყვით, რომელიც დადებითად მხოლოდ ციფრებში აისახება?
_ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ცუდი არ არის, მაგრამ ცხოვრების ხარისხის მდგომარეობაა არადამაკმაყოფილებელი. სხვანაირად რომ ვთქვათ, მოქალაქეების ცხოვრებაზე ვერ აისახება ის ეკონომიკური შედეგები, რაც ციფრებში არის გამოხატული, შესაბამისად, გუშინდელ სხდომაზე ეს იყო უკმაყოფილების მიზეზი, მათ შორის, ბატონი ბიძინას. გუშინ ბატონმა ბიძინამ და ყველამ გამოხატა ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება. სხდომაზე დისკუსია და კამათი წარიმართა სწორედ იმის გარშემო, რომ შეიძლებოდა თუ არა ეკონომიკური შედეგების შერბილება. ყველა ვთანხმდებით, რომ გარე ფაქტორებმა განმსაზღვრელი გავლენა მოახდინა ჩვენი მოქალაქეების შემოსავლებზე და ხარჯებზე, მაგრამ შერბილება შეიძლებოდა თუ არა, იმის გარშემო იყო აქტიური დისკუსია უმრავლესობაში.
_ როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია სიღარიბის მაჩვენებლის ზრდა, რაც UNISEF-ის კვლევამ დაადასტურა?
_ სიღარიბის მაჩვენებლის გაზრდას ვაბრალებთ სამ მიზეზს: ერთი მიზეზი მდგომარეობს ჩვენი მოსახლეობის ჭარბვალიანობაში. როცა მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს ვალი და ვერ აუდის მის მომსახურებას; მეორე _ ეს არის ინფლაცია. იმავე შემოსავლის პირობებში საქონლის გაძვირებამ მკვეთრად გაზარდა ხარჯები; მესამე მიზეზი დევალვაციაა, როცა ვთქვათ, ლარმა განიცადა დევალვაცია და ჭარბვალიანობის პირობებში მოქალაქეებს ვალების მომსახურება უწევთ, ძირითადად, ამერიკულ დოლარებში და სიტყვაზე, მოქალაქეებს 300-400 ლარი რომ ჰქონდათ დასაფარი გადასახდელი ვალის გასასტუმრებლად, ახლა 500 ლარი სჭირდებათ იმავე ვალის გასტუმრებისთვის.
_ აქვს თუ არა მმართველ გუნდს სამოქმედო გეგმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ქვეყანა გამოვიდეს რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან?
_ არ არის ტრაგიკული სიტუაცია, მაგრამ არც კარგი სიტუაციაა. გუშინ იმაზე მიდიოდა ცხარე კამათი, რომ შეიძლებოდა თუ არა ამ შედეგების შერბილება. ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები ცუდი არ არის, მაგრამ ეს არ აისახა და ჯერჯერობით, არ აისახება თითოეული მოქალაქის მდგომარეობაზე. სწორედ, ეს იყო გუშინდელი სხდომის დისკუსიის საგანი _ რატომ არ აისახა, რატომ ვერ მივიღეთ ის ზომები, რომელიც თითოეულ მოქალაქეს თითოეულ ოჯახს შეეხებოდა. გახსოვთ, როდესაც 2012 წელს დავიწყეთ რეფორმები, ჩვენ უფასო გავხადეთ საბავშვო ბაღები, რაც ყველა მოქალაქეზე აისახა, უფასო გავხადეთ სასკოლო სერვისები, რაც ყველა ოჯახზე აისახა, უფასო გავხადეთ სამედიცინო მომსახურება, რაც ყველა ოჯახზე აისახა, ანუ მოქალაქეებმა იგრძნეს რეფორმების შედეგები და ამას გაგრძელება სჭირდება, რაც სწორი პროგრამების კვალობაზე უნდა გახორციელდეს.
სანამ პრემიერი თანამდებობას დატოვებდა, მმართველი გუნდის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გვიამბო უმრავლესობის სხდომის დეტალების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ კომენტარს, რომელიც მმართველი გუნდის წარმომადგენელთან პრემიერის გადადგომამდე ერთი საათით ადრე ჩავწერეთ.
,,ცალკეულ შემთხვევებში დაისვა პასუხისმგებლობის საკითხი ცალკეული მთავრობის წევრების მიმართ, მაგრამ ძირითადი მსჯელობა არ მიდიოდა ამ საკითხზე, რადგან პასუხისმგებლობას ხომ უნდა უძღოდეს ობიექტური მიზეზები. ჯერ ობიექტური მიზეზები უნდა დასახელდეს და შემდეგ უნდა გამოვლინდეს პასუხისმგებელ პირთა წრე. სწორედ ამაზე მიმდინარეობდა მსჯელობა _ ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, ვინ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და ვინ _ არა. მე უფრო მეტზე ვსაუბრობ, ვიდრე საკადრო საკითხებია. მგონია, რომ ბევრად მეტია გასაკეთებელი, ვიდრე საკადრო ცვლილებები. შესაცვლელია ეკონომიკური პოლიტიკა, შესაცვლელია პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობის ფორმები. აუცილებლად მიმაჩნია თვისობრივი ცვლილებების გატარება, რაზეც ხმამაღლა ვსაუბრობ. თუ საკადრო, ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვალა, თუ პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობის ფორმები არ გაუმჯობესდა, არაფერი შეიცვლება“, _ გვითხრა ქუცნაშვილმა.