“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით მჟავანაძის თქმით, ბესო ქათამაძის ცემის საქმესთან დაკავშირებით, ხელისუფლება ცდილობს პროცესები სამართლებრივი ჩარჩოდან გადაიყვანოს და დამნაშავეებს ხელი დააფაროს.
ამის შესახებ მჟავანაძემ საგანებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მასთან გუშინ გურიის გუბერნიის წარმომადგენელი ნესტორ რამიშვილი მივიდა, რომელმაც შესთავაზა სამართლებრივი დავის შეწყვეტა, სანაცვლოდ კი მისცა პირობა, რომ ბესო ქათამაძეს მიეცემოდა ყველა დამნაშავისთვის ფიზიკური გასწორების საშუალება.
მედიის კითხვაზე ჰქონდა თუ არა შესაბამისი მტკიცებულებები, მჟავანაძემ თქვა, რომ არა.
მჟავანაძის განცხადებით, ამის გარდა, “გურიის “რუხ კარდინალად” ცნობილი ბიზნესმენი ილა კეჭაყმაძე ამ საქმესთან დაკავშირებით გუშინ პროკურორებს შეხვდა.
მჟავანაძის თქმით, ეს თემა სამართალდამცველებმა უნდა გამოიძიონ.
ენმ-ს ადგილობრივი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება მმართველი გუნდის მორიგი პროვოკაციაა.
ჩვენ შევეცადეთ ნესტორ რამიშვილს დავკავშირებოდით, თუმცა უშედეგოდ.
რაც შეეხება ილა კეჭაყმაძეს _ ბიზნესმენი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მჟავანაძის “ბოდვებზე” კომენტარს ვერ გააკეთებს:
_ მჟავანაძე ვერ მოვა ჩემ დონემდე და მე ვერ დავალ მის დონეზე. შესაბამისად, მის ბოდვებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, _ გვითხრა კეჭაყმაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალი “ქართული ოცნების” წევრს, გელა აროშიძეს აქვს წაყენებული, რომლის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს, 12 საათზე იმსჯელებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სასამართლო პროცესზე დასწრებას არ აპირებს და მას ბოიკოტს უცხადებს.