„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო შესყიდვის ახალი ხელშეკრულების დარღვევებზე საუბრობენ.
როგორც ცნობილია, შემსრულებელ ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ 17 მაისამდე უნდა განეხორციელებინა შემოწმება/ინსპექტირება, შედეგები კი სახელმწიფოსთვის 25 მაისისთვის უნდა წარედგინა. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და შემსრულებელ ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში, 2018 წლის 13 აპრილს, ცვლილებების შეტანისას დადგინდა, თუმცა, როგორც ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებში“ ამბობენ, 25 მაისს, ხელშეკრულებაში მორიგი ცვლილებები შევიდა.
ორგანიზაციამ შესწავლის შედეგად აღმოაჩინა, რომ სახელმწიფოსა და შემსრულებელ ორგანიზაციას შორის არსებულ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულებაში კვლავ გახორციელდა რიგით მე-12 ცვლილება, რომელიც დოკუმენტურად და ნუმერაციულად „11/2“-ით იქნა ასახული. მე-12 შეთანხმებით შემოწმება/ინსპექტირების ვადა ერთი თვით გაგრძელდა და განისაზღვრა ახალი თარიღი- 2018 წლის 15 ივნისი.
თუმცა, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ცნობით, აღნიშნული შეთანხმებაც დაირღვა და შემოწმება შემსრულებელ ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ სავარაუდოდ, დღემდე არ განუხორციელებია.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტის, რუსლან ალექსიძის თქმით, აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით შესაძლოა არაკეთილსინდისიერად მოქმედებდეს შემსრულებელი ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ რომელმაც, სავარაუდოთ, 10 მაისს არ წარმოადგინა დამასრულებელი ეტაპისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია. ამასთან უნდა ვივარაუდოთ, რომ არც შემსყიდველი სუბიექტი- სახელმწიფო მოიქცა სათანადოდ, რომელმაც ვერ უზრუნველყო სავალდებულო შემოწმების გახორციელება. ნებისმიერ შემთხვევაში ორივე დაშვება საგანგაშოა, რადგან დაირღვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება და დარღვევის მიმართ შესაბამისი რეაგირება არ გახორციელებულა. ამასთან, საგულისხმოა, რომ მე-11 შეთანხმებით ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი-საქართველო“ წინასწარ გათავისუფლდა სამომავლო ჯარიმებისგან, რაც ცალკეულ საფუძვლებს აჩენს იმისას, რომ მათ არ ჰქონდათ ცალკეული პასუხისმგებლობა, რის პრევენციასაც ჯარიმის არსებობა უზრუნველყოფს, რომ დათქმულ დროში შეესრულებინა ვალდებულება.
ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიმართ, დაკისრებული ჯარიმები მოცემული ეტაპისთვის სრულად არ არის გადახდილი, ხოლო უკანასკნელად გახორციელებული გადახდა 140 000 ლარის ნაცვლად, შეადგენს 84 000 ლარს, რაც გონივრულ ეჭვს ბადებს, რომ მოხდა ჯარიმის შემცირება. თუმცა, შემსყიდველი- სახელმწიფო ამ ფაქტს უარყოფს და დღემდე ბუნდოვანია, თუ რა სამართლებრივი ქმედება გახორციელდა.
შემსრულებელი ორგანიზაცია, სახელშეკრულებო პერიოდში, ჯამში 296 800 ლარით 5-ჯერ დაჯარიმდა. აქედან გადახდილია 235 000 ლარი, ხოლო ნარჩენი თანხაა 61 600 ლარი.
2018 წლის 13 აპრილის მე-11 შეთანხმებით „მიმწოდებლისთვის“ ჩასარიცხი თანხა შეადგენდა 800 000 ლარს, რომელიც კორექტირდა 738 000 ლარამდე, სხვაობა კი – 62 000 ლარს გვაძლევს, თითქმის იგივე ოდენობას, რაც ნარჩენი ჯარიმის თანხა. მიუხედავად „შემსყიდველის“ განმარტებისა, რომ აღნიშნული „არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც „მიმწოდებლის“ თანხმობა ხელშეკრულების საერთო ღირებულების (ფასის) შემცირება ან ურთიერთმოთხოვნათა აღიარება და გაქვითვა“, სამართლებრივად, სხვა მექანიზმი არ არსებობს აღნიშნული მოქმედების მიმართ შეფასებისა იმისა, რომ სავარაუდოდ შემსყიდველმა სამომავლოდ მისაღებ თანხაში გაუქვითა ჯარიმები, რაც სამოქალაქო სტაბილურობის რღვევას იწვევს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მხარეთა შორის 2018 წლის 25 მაისის რიგით მე-12 შეთანხმება მაღალი რისკის მატარებელია, ვინაიდან აჩენს რისკებს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების წარმოდეგანა კვლავ გადაიდოს. მე-12 ცვლილებით კორექტირდა ცალკეული მოქმედებების თარიღები, მაშინ, როდესაც დამასრულებელ ეტაპზე, მრავალი დოკუმენტია დასამუშავებელი და მე-11 შეთანხმებით აღნიშნული ვადები დეტალურად იქნა გათვლილი. მოცემულ ეტაპზე, დაუდგენელია „შემსყიდველი“ და „მიმწოდებელი“, რამდენად შეძლებს სახელშეკრულებო ვადებში დაბრუნებას.
როგორც ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებში“ ამბობენ, საკითხზე მოკვლევას და სამართლებრივ ანალიზს გააგრძელებენ. შესაბამისად, საზოგადოებას წარუდგენს შესწავლის დამატებით ანალიზს.
ამავე თემაზე:
რის ეჭვს იწვევს თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმაში შესული ცვლილება _ „ახალგაზრდა ადვოკატები“