„იყო ერთი გოგო“ ასე ჰქვია ზღაპრების წიგნს, რომლის პრეზენტაციაც დღეს თუმანიშვილის თეატრში შედგა.
ბავშვებისთვის განკუთვნილი წიგნი 12 ავტორის 21 ზღაპარს აერთიანებს.
თანამედროვე ზღაპრები ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი კვალი დატოვეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით მომზადდა.
როგორც „გურია ნიუსს“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ერიკა კვაპილოვამ უთხრა, საზოგადოებაში ბევრი სტერეოტიპია, წიგნი კი მათ წინააღმდეგ მესიჯს წარმოადგენს. სხვა წიგნებისგან კი იმით განსხვავდება, რომ ისტორიები ნამდვილ გმირებზეა დაფუძნებული.
„ზღაპარი არის არაჩვეულებრივი გზა, რომ ბავშვის ყურამდე, გულამდე მიიტანო ამბავი, ამიტომაც გაჩნდა ამ წიგნის შექმნის იდეა. ძალიან ბევრი ტრადიციული წიგნი არსებობს ზღაპრების, თუმცა ეს წიგნი განსხვავებულია მათგან. ისტორიები დაფუძნებულია რეალურ გმირებზე. საქართველოში იყო უამრავი ძლიერი ქალი. მაგალითად, თამარ მეფე, მაია წყნეთელი, მედეა. ამიტომ ქართველ მწერლებთან ერთად წამოვიწყეთ ეს ინიციატივა. მათ დამოუკიდებლად შეარჩიეს პერსონაჟები. საზოგადოებაში ბევრი სტერეოტიპი არსებობს. ბიჭს შესაძლოა ბალერინობა უნდოდეს, გოგო კი ოცნებობდეს იყოს მფრინავი, ამიტომაც მოდი მხარი დავუჭიროთ დღეს ოცნებებს. ეს არის ამ წიგნის მესიჯი, ვიმედოვნებ ბავშვები მისით ისიამოვნებენ“,_ამბობს კვაპილოვა.
ზღაპრების წიგნის შესავალის ავტორი, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძეა.
როგორც მან წიგნის წარდგენის დროს სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბავშვებისთვის წერა ძალიან რთულია, რადგან ტექსტში მცირე ხელოვნურობასაც კი ადვილად ამჩნევენ, ამიტომაც წიგნი დამაჯერებლობით გამოირჩევა.
მან ყურადღება ასევე გაამახვილა სკოლებში არსებულ პრობლემებზე და ბავშვებისთვის ისტორიის ცოდნის მნიშვნელობაზე.
„მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვები ადრეული ასაკიდან იცნობენ და ცოცხლად არიან ჩართულები თავისი ქვეყნის ისტორიაში. ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებით კი საჯარო სკოლებში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა ამ კუთხით. როდესაც სკოლა სრულად არ არის ორიენტირებული ინდივიდუალურად ბავშვზე, არის ხშირად სტერეოტიპები სწავლის პროცესში და ეს სტერეოტიპები გულისხმობს დისტანციას ბავშვსა და საკუთარ ისტორიას შორის. ეს წიგნი არის მცდელობა, რომ ძალიან მარტივი ენით ბავშვებს და არა მხოლოდ ბავშვებს, უფროსებსაც შეახსენოს და სხვა კუთხით დაანახოს თუ რა საინტერესო პერსონაჟები გვყავდა ჩვენ ისტორიაში. ქალების მოღვაწეობა ზოგჯერ იმდენად უნიკალური იყო, რომ ამას მხოლოდ ზღაპრის გმირი თუ მოახერხებდა. ძალიან რთულია ბავშვებისთვის წერა, იმიტომ რომ უფროსმა შესაძლოა თვალი მოხუჭოს, ბავშვი კი ტექსტში სულ მცირე ხელოვნურობასაც კი არ პატიობს. ეს მოთხრობები არის შესანიშნავი სწორედ ამ დამაჯერებლი ინტონაცის გამოც, რის შესაბამისადაც ჩვენ ვიჯერებთ სინამდვილეს რაც აქვთ მწერლებს აღწერილი“, _განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
დღეს, თუმანიშვილის თეატრში მისულ ადამიანებს, ზღაპრების წიგნის შეძენა, რომელიც ჯერ გაყიდვაში არ არის, ქველმოქმედების სახით შეეძლოთ.
როგორც „გურია ნიუსს“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების ანალიტიკოსმა, რიტა ჯაფარიძემ უთხრა, წიგნები სახელმწიფო ბიბლიოთეკებს, ქველმოქმედების სახით გაყიდული წიგნებიდან შესული თანხა კი სოფლის ბიბლიოთეკებს გადაეცემათ.
„წიგნის გაყიდვის შესახებ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა გამომცემლობებთან, თუმცა, წიგნის ელექტრონული ვერსიების ჩამოტვირთვა „საბას“ ვებ-გვერდიდან არის შესაძლებელი. ასევე არის აუდიო ვერსია, სადაც თავად ავტორები კითხულობენ ზღაპრებს. დღეს წიგნებს ვარიგებთ შემოწირულობის სახით, საიდანაც შემოსული თანხა სოფლად მდებარე ბიბლიოთეკებს მოხმარდება და დაეხმარება მათ წიგნების შესაძენად. აქ წარმოდგენილია 100 წიგნი, სულ გამოიცა 500 და დანარჩენ 400 წიგნს გადავუნაწილებთ სახელმწიფო ბიბლიოთეკებს“,_ამბობს ის.
წიგნი, რომელიც ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა ალექს ჩიღვინაძის, დათო ტურაშვილის, დიანა აფიმიადის, ეკატერინე ტოგონიძის, თეა თოფურიას, თეონა დოლენჯაშვილის, მაია სარიშვილის, მაკა ლდოკონენის, ნესტან ნენე კვინიკაძის, ნინია სადღობელაშვილის, ტორესა მოსის და პაატა შამუგიას ზრაპრებს აერთიანებს, კოლხი მედეას, მარო მაყაშვილის, ანა ბაჯის, მაია წყნეთელის. ქამრიანი სონას და კიდევ სხვა გმირი ქალების შესახებ.