დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის რომანის “დორიან გრეის პორტრეტის” პერსონაჟის სახელიდან იღებს სათავეს. ორიოდე სიტყვა ნაწარმოების სიუჟეტთან დაკავშირებით: ამბავი გადმოგვცემს ახალგაზრდა მომხიბვლელი და შესანიშნავი მამაკაცის დორიან გრეის ისტორიას. მას მხატვარი ვინმე ბეზილ ჰოლუორდი დაუხატავს პორტრეტს. რომანის მთავარი გმირი ტკბება ამ ნახატის მშვენიერებით. ამავე დროს, დორიან გრეის თავისი სილამაზის წარმავალი ბუნების ეშინია, ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა შეელიოს თავის ბრწყინვალე გარეგნობას და ინატრებს, რომ მის ნაცვლად მისი პორტრეტი დაბერდეს. იმდენად ძლიერია მისი ეს აკვიატება, რომ მზადაა სულიც კი მიყიდოს ეშმაკს. მაგრამ, სამწუხაროდ, მას შეიწირავს მისივე ეს სურვილი და იღუპება მაშინ, როდესაც ცდილობს ხელოვნების ნიმუშის განადგურებას.
ეს სინდრომი აღენიშნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ავადმყოფურად განიცდიან წლების მატებას და ასაკის მატებასთან ერთად სიბერის მოახლოებას. ამის გამო, პლასტიკურ ოპერაციებისა და კოსმეტიკური საშუალებების ხშირი მომხმარებლები ხდებიან. ესაა ერთგვარი დამოკიდებულება!
მაგრამ სულ ეს არაა. ახალგაზრდული აქსესუარებისა და ატრიბუტების გამოყენება, ასაკთან შეუფერებელი ტანსაცმლის ტარება, თინეიჯერული ჩაცმის სტილი – აი კიდევ ის ნიშნები, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან დორიან გრეის სინდრომს და რომლისგან გათავისუფლება ამ სინდრომით დაავადებულთათვის არც ისე მარტივია, რადგან სიბერის მოახლოებასთან ერთად მით უფრო ძლიერდება.