მმართველი გუნდის წარმომადგენელი ზაზა პაპუაშვილი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნას წულუკიანის გადადგომის თაობაზე, ,,გურია ნიუსთან“ აფასებს. როგორც პაპუაშვილი გვეუბნება, წულუკიანი ხელისუფლების ერთ-ერთი ძლიერი რგოლია, ამიტომ იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა შეინარჩუნოს. ამასთან, პაპუაშვილის თქმით, დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი ხელისუფლებისგან ისეთი ადამიანების ჩამოცილებაა, რომლებიც მათი რეჟიმის წინააღმდეგ უპრინციპოდ იბრძოდნენ.
,,წულუკიანმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს, რადგან, ვფიქრობ, რომ ის მთავრობის ერთ-ერთი სერიოზული და მძლავრი რგოლია. თქვენ გახსოვთ თეა წულუკიანის განათლებასა და დიპლომზე რა აჟიოტაჟი ჰქონდა ატეხილი ,,ნაციონალურ მოძრაობას“ და წულუკიანმა როგორი მასტერკლასი ჩაუტარა კვესიტაძეს პირდაპირ ეთერში, რის შემდეგაც ენაჩაგდებულები დარჩნენ. ვფიქრობ, წულუკიანი არის ადამიანი, რომელიც თავის პრინციპებს არ ღალატობს. მან უნდა გააგრძელოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობა და არც ერთ შემთხვევაში პოსტი არ უნდა დატოვოს . უნდა იცოდეთ, რომ თეა წულუკიანი 2012 წლამდე და მას შემდეგ ,,ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წინააღმდეგ უპრინციპო მებრძოლი იყო, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ,,ნაციონალების“ სურვილია, მათ წინააღმდეგ მებრძოლთა რიგები შეათხელონ, რათა მათთვის სასიამოვნო და საამური ატმოსფერო დადგეს, რის უფლებასაც არც თეა და არც ერთი ნებისმიერი ჩვენგანი არ მივცემთ. ვიზიარებ წულუკიანის პოზიციებსა და მის ბრძოლისუნარიანობას. ჩვენ ერთად ძალიან დიდი ბრძოლა გვაქვს გავლილი, გარდა ამისა, ყველაფერი რომ გვერდზე გადავდოთ, მის პიროვნულ ღირსებასა და კვალიფიკაციას ბევრი წინ ვერ დაუდგება. მეტიც, მგონია, რომ ასეთი ძლიერი ადამიანები განაპირობებენ ქვეყნის სიმშვიდესა და კანონის აღსრულებას“, _ განაცხადა პაპუაშვილმა.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს მმართველი გუნდის წარმომადგენელი. როგორც პაპუაშვილი გვეუბნება, IX მოწვევის პარლამენტმა მუშაობა კანონით გათვალისწინებულ დროში უნდა ამოწუროს.
,,ამ ეტაპზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ვერ ვხედავ, რადგან მგონია, რომ პარლამენტმა საკუთარი საქმიანობა თავის ვადაში უნდა დაასრულოს. საპარლამენტო უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომელთა კვალიფიკაცია და შრომა, ვფიქრობ, ფასდაუდებელია. ქვეყანაში იმაზე ბევრი საქმეა, ვიდრე წულუკიანის გადაყენება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ყურადღების გადატანა იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნები დავნიშნოთ და წულუკიანი მოვხსნათ, ამ სატყუარაზე არავინ წამოეგება. თეა წულუკიანთან ერთად ვაპირებთ ახალი კანონების მიღებასა და რეფორმების გატარებას“,_ გვითხრა პაპუაშვილმა.