დედამიწაზე არსებულ ბუნებრივ სიმდიდრეებში ტყეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. საქართველოში არსებული ტყის საფარი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 40.5 %-ს შეადგენს, 60 000 ჰექტარი ფართობი კი ხელოვნურად გაშენებული ტყით არის დაფარული.
საქართველო, როგორც კავკასიის ნაწილი აღიარებულია ბიომრავალფეროვნების მხრივ ერთ-ერთ „ცხელ წეტილად“, რომლის ბუნებაც სახეობრივი მრავალფეროვნების, ენდემიზმის მაღალი დონით და გლობალური მნიშვნელობის ეკოსისტემებით გამოირჩევა.
თუმცა, ქვეყანაში არსებული სოციალური მწვავე მდგომარეობიდან გამომდინარე, ხე-ტყის უკანონო ჭრა წლების განმავლობაში ხდებოდა და დღემდე გრძელდება. ასევე, ხშირია ხანძრები და გარდა ამისა, ხეებს სხვადასხვა სახეობის დაავადებებიც ანადგურებს. ტყის სხვადასხვა მიზეზებით განადგურება კი ნიადაგის დეგრადაციას იწვევს, რაც მოსახლეობაზეც ახდენს გავლენას.
ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლების, ალის და ბრილის ტერიტორიაზე სოციალური ტყეკაფი დიდი რაოდენობით არის გამოყოფილი. აღნიშნული ადგილი კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა, პროექტის ფარგლებში, რომელიც Global Forest Watch-ის მიერ არის დაფინანსებული და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მსოფლიო ინსტიტუტის მიერ ხორციელდება, გასულ წელსაც შეისწავლა. რამდენიმე დღის წინ კი, ბრილთან არსებულ ტყეში მედიატური განახორციელა.
როგორც CENN-ის, გეოგრაფიული სისტემის სპეციალისტი, ვახო ჩიტიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, სოფელ ბრილთან არსებულ ტყეში ჩატარებული კვლევის შემდეგ დაწერილი რეპორტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაუგზავნეს, თუმცა, რეაგირება ჯერ-ჯერობით არ არის.
„Global Forest Watch-ის დაფინანსებით მიმდინარეობს საქართველოში ცხელი წერტილების დადგენა, სადაც არის ტყეკაფი ან უბრალოდ არის დამეწყრილი ტერიტორია ან არის ნახანძრალი, რაც ტყის მასების კარგვას იწვევს. ერთ-ერთი მაგალითი არის ეს ტყე, სადაც დიდი რაოდენობით ტყეკაფია გამოყოფილი. გასულ წელსაც შევისწავლეთ ალი-ბრილის სატყეო უბანი. ბრილის სატყეო უბანში ძირითადად დარღვევები არ იყო, არის ძველი ტყეკაფები, ხოლო ალის უბანში ნაკადულის კალაპოტზე არის 35 გრადუსზე მეტი დახრილობის ფერდობი, სადაც არის უკანონოდ მოჭრილი ხეები. ეს ტერიტორიები იყო ჩვენი განხილვის თემა, ჩვენი რეპორტი გადაეცა სამინისტროს, თუმცა რეაგირება ჯერ-ჯერობით არ მოჰყოლია“ ,_ ამბობს ჩიტიშვილი.
მეტყევე გიორგი კირკიტაძის თქმით, უბანი, სადაც წლების წინ ხე-ტყის ჭრა გახორციელდა, დღეს ქვეტყედ არის ქცეული, რაც ტყის დეგრადირებაზე მიანიშნებს.
„აღნიშნულ უბანში დაახლოებით 15 წლის წინ გახორციელებული ჭრების შედეგად დარღვეულია ტყის სისტემა. ქვეტყემ სრულად დაფარა ფართობი და წარმოიქმნა შქერი, ხოლო გადაჭრილმა სახეობებმა ვერ მოასწრეს აღდგენა, რაც მიანიშნებს ტყის დეგრადირებაზე. ტყის აღდგენის პროცესი რა თქმა უნდა, ბუნებრივად მიმდინარეობს, მაგრამ საჭიროა სპეციალური ღონისძიებების გატარება, რომ მიეცეს განვითარების უფრო მეტი საშუალება აქ არსებულ ძირითად სახეობებს“,_ამბობს კირკიტაძე.
„გურია ნიუსი“ კითხვებზე პასუხების მისაღებად თუ რა მდგომარეობაა ხაშურის ტყეში, რა ღონისძიებების გატარება იგეგმება გაკაფული ტერიტორიის აღსადგენად ეროვნულ სატყეო სააგენტოს დაუკავშირდა.
როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ალისა და ბრილთან არსებულ ტყეში დარღვევები არ არის, თუმცა, კომენტარს სენის მიერ დასკვნის დადების შემდეგ გააკეთებენ.