გურიაში ისე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წელს საგამოცდო ცენტრი გურიაში უქმდებოდა, მაგრამ აბიტურიენტების აქტიურობამ ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში ცენტრი დატოვა. გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან 600-ზე მეტი აბიტურიენტი არის დარეგისტირებული. საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტების ნაწილი ჩვენთან საუბრის დროს ამბობენ, რომ კონდიცირების სისტემა კვლავ მოუგვარებელია.
“სადაც გამოცდები ტარდება, დადგმულია ე.წ. “ვენტილატორი“ და მე, პირადად, ძალიან გამიჭირდა ბოლომდე გაჩერება. მეტი რა გზა მაქვს, აუცილებლად უნდა ჩავაბარო. ეს პრობლემაა მხოლოდ, სხვა არაფერი. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? ფსიქოლოგიურად უნდა იყო მზად, რომ თან ძლიერ ტემპერატურას გაუძლო და თან კიდევ შენი ნასწავლის სრული რეალიზაცია მოახდინო“, _გვითხრა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა, რომელიც პირველ გამოცდაზე პირველივე დღეს გავიდა და ახლა მეორე გამოცდისთვის ემზადება.
ნანო ბარამიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეთის საჯარო სკოლა დაამთავრა და ახლა სურს, უმაღლესი განათლება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელოს. მისი სურვილი და ოცნებაა დაწყებითი კლასების პედაგოგი გახდეს.
“ძალიან თბილი და კარგი გარემოა. არ გამიძნელდა გამოცდა საერთოდ. ადვილად დავწერე და ადრე გამოვედი გამოცდიდან. მინდა გითხრათ, რომ არ ცხელოდა ცენტრში, დღეს სიგრილე იყო და აქედან გამომდინარე. გართულების გარეშე დავწერე თემები“, _ გვითხრა ნანო ბარამიძემ.
ქალაქ ოზურგეთის მეორე სჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია ღლონტი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ აბიტურინტს იმ თემების დაწერა, რაც გამოცდაზე იყო არ უნდა გასჭირვებოდა.
„პირველ დღეს იყო შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი“, მეორე დღეს _ ილია ჭავჭავაძის კაცია ადამიანი?! აბიტურიენტებმა, ჩემის აზრით, ადვილად უნდა შეძლოს, პირველ რიგში, ნაწარმოების პერსონაჟის დახასიათება, მეორე რიგში _ ნაწარმოების სათქმელის გადმოცემა და მესამე რიგში _ მხატვრული ხერხების ახსნა. ასევე თავისუფალ თემებში უნდა დაეწერათ დისკრიმინაციასა და ტოლერანტობაზე. რაც მომეწონა ეს იყო, რომ ტოლერანტობა და დისკრიმინაცია განმარტებული იყო და ეს ძალიან კარგია. იყო შემთხვევა თემა გლობალიზაციაზე იყო დასაწერი და ბავშვების დიდმა ნაწილმა გლობალურ დათბობაზე დაწერეს. ვერ გაიგეს პირობა და მისასალმებელია ასეთი მიდგომა, რომ წელს სიტყვა არის განმარტებული, _ თქვა მაია ღლონტმა.