ზაფხულის დადგომასთან ერთად ზღვაზე დამსვენებლების რიცხვი მატულობს. ზღვის კურორტებზე დასვენებას კი თან რუჯის მიღება ახლავს, რაც ხშირად არასასურველი შედეგით მთავრდება.
რა უნდა იცოდნენ ზღვაზე დასვენების მოყვარულმა ადამიანებმა, რომ რუჯის მიღების დროს არ დაიწვან და როგორ უნდა მოიქცნენ დამწვრობის მიღების შემთხვევაში _ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს, გუგა ქაშიბაძეს ესაუბრა.
როგორც ქაშიბაძე ამბობს, მიმდინარე სეზონზე სხვადასხვა სახის დამწვრობა 75-მა ადამიანმა მიიღო. სტაციონარული მკურნალობა 22 ადამიანს დაჭირდა. ამჯერად მკურნალობა 6 ადამიანს უტარდება, რომელთაგან 3 ბავშვია.
ის მოქალაქეებს შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს:
„თეთრი კანის მქონე ადამიანებისთვის, ვისაც რუჯი არ აქვს, 11 საათიდან 5 საათამდე მზის გულზე ხანგრძლივად ყოფნა არ არის რეკომენდირებული. მზეზე დიდი დრო განსაკუთრებით ბავშვებმა და მოხუცებმა არ უნდა გაატარონ, რადგან მათი კანი ძალიან თხელი და ნაზია. აუცილებლად უნდა გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემები. დამწვრობის მიღება, როგორც ღრუბლიან ამინდში, ასევე ქოლგის ქვეშაცაა შესაძლებელი. აუცილებელია მზისგან დამცავი მაზების და ლოსიონების წასმა“, _ ამბობს ქაშიბაძე.
დამწვრობის მიღების შემთხვევაში კი მოქალაქეებს შინაურული მეთოდებით დამზადებული მალამოების გამოყენებას არ ურჩევს.
„დამწვრობის მიღების შემთხვევაში, აუცილებელია მზიდან ჩრდილში გადანაცვლება, სითხეების და ტკივილგამაყუჩებლის მიღება და ასევე, შინაურული მეთოდებით დამზადებული მალამოების გამოყენებას სჯობს ქარხნული წესით დამზადებული უსაფრთხო მედიკამენტების, ლოსიონებისა და კრემების გამოყენება“, _ამბობს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი.