შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, 3 პირი: 1990 წელს დაბადებული მ.ბ., 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1985 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. ბათუმში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 1 ივლისს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს 2100 თურქული ლირა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა სამივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს, გატაცებული თანხა კი ნივთმტკიცების სახით, სრულად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.