ყოფილი მინისტრები, შესაძლოა, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, გავრცელდა ხმები, რომ ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ზურაბ ალავიძეს და ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
საუბარია რამდენიმე მილიონი ლარის მითვისებაზე. მინისტრების შესაძლო გადაცდომის შემთხვევებს, სავარაუდოდ, პროკურატურა უკვე იძიებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ალავიძესა და ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს.
ცნობილი გახდა ისიც, რომ საზღვარზე არ გაუშვეს და აეროპორტიდან უკან მოაბრუნეს ზურაბ ალავიძე, თუმცა, აღნიშნული ფაქტი შესაბამისმა უწყებებმა არ დაადასტურეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი აღნიშნულ შემთხვევაზე მხოლოდ ზედაპირულად საუბრობდნენ.
,,გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტი, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ გასაკვირი არ არის, თუ შესაბამისი უწყებები ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებში შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით დაინტერესდნენ.
,,ის, რომ ხარჯებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩენილიყო ინფრასტრუქტურაში და ეკონომიკაში ხარჯებთან დაკავშირებით, ეს არ არის გასაკვირი.
იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ საქმეები იყოს აღძრული და შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობდეს აღნიშნულ ფაქტზე, არა კონკრეტულ პერსონებზე, არამედ ფაქტებზე.
საბოლოო ჯამში, გადავა თუ არა პერსონალურ პასუხისმგებლობაში ან რა ტიპის პასუხისმგებლობა დადგება ყოფილ მინისტრებზე სჯობს, რომ მოვლენებს არ გავუსწროთ და დაველოდოთ“,_თქვა ხუხაშვილმა.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე ,,გურია ნიუსთან“ დადასტურებით აცხადებს, საქმეების შესწავლა მიმდინარეობს.
მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ალავიძესთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს.
,,ვიცი, რომ საქმის შესწავლა მიმდინარეობს. გამოძიება მიმდინარეობს თუ მხოლოდ საქმის შესწავლა, ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან სერიოზული კითხვები არსებობს კონკრეტულად ალავიძესთან დაკავშირებით.
ტენდერებში არასწორად დახარჯულია თანხები, ფაქტობრივად, სრული განუკითხაობა და ქაოსია. მარტო კორუფციაზე არ არის საუბარი. არასწორად დახარჯულ სხვა თანხებსაც ვგულისხმობ.
ქუმსიშვილთან დაკავშირებით სიტუაცია უფრო ბუნდოვანია. ვიცი, რომ ბიუჯეტის არასწორ ხარჯვაზე იყო საუბარი აქაც, მაგარამ ალავიძის შემთხვევაში კონკრეტულად ტენდერებზეა საუბარი, ქუმსიშვილის შემთხვევაში კი ვერ გეტყვით.
ყველა დამნაშავე ადამიანმა უნდა აგოს პასუხი და არა მხოლოდ ამ ორმა ადამიანმა. ვიცი, რომ სხვებიც არიან საინტერესო მდგომარეობაში, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ზოგიერთი ხელმძღვანელი“, _ გვითხრა არეშიძემ.
ზურაბ ალავიძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს 2016 წლის 29 ნოემბრიდან 2018 წლის 30 მარტამდე იკავებდა. მანამდე კი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.
დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში 2012 წლის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ გამარჯვების შემდეგ მოვიდა. 2015 წლის 30 ნოემბრიდან იყო ვიცე-პრემიერი, 2016 წლის 13 ივნისიდან პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა.
2016 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე იკავებდა ფინანსთა მინისტრის პოსტს. 2017 წლის 13 ნოემბერს მეორედ დაინიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად, თანამდებობა 2018 წლის ივნისში დატოვა.
დადგება თუ არა ყოფილ მინისტრებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო კორუფციული გარიგებების მოკვლევა შესაბამის უწყებაში უკვე მიმდინარეობს.
“გურია ნიუსმა” სცადა ყოფილ მინისტრებთან დაკავშირება, თუმცა, მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.