რატომ ვერ მოხერხდა საზაფხულო ბაღების გახსნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში? ეს კითხვა ისევ აქტიურია და მოსახლეობა იმედოვნებს, რომ მომავალ წელს მაინც მოგვარდება ეს პრობლემა.
“გურია ნიუსი” ამ თემას აქტიურად აშუქებს _ ერთ-ერთი სტატია გაზეთის წინა ნომერში დაიბეჭდა. როგორც აღვნიშნავდით, ოზურგეთელი შორენა კოსტავა აღმოჩნდა ინიციატორი, რომელიც ადგილობრივ მთავრობას 2017 წლის დასაწყისიდან წერდა წერილს საზაფხულო ბაღებთან დაკავშირებით და მათგან ელოდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის ალექსანდრე ბერიძის აზრით, რაც მეტ სერვისს შესთავაზებს მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლება, კარგი იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა საზაფხულო ბაღების გახსნა:
“აქ არ არის საუბარი ერთი ან ორი ჯგუფის დაფინანსებაზე _ 2 600-მდე ბავშვი გვყავს რეგისტრირებული და შერჩევით გამოკითხვის წესი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გაგვეგო, რა მოთხოვნა იქნებოდა საზაფხულო ჯგუფების მომსახურებასთან დაკავშირებით. 82%-მა თქვა, რომ სურვილი ჰქონდა, მიეღო ეს სერვისი _ ეს არის, დაახლოებით, 1 800 ბავშვი. გამოდის, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში უნდა ემუშავა ბაღებს და ამ სისტემაში დასაქმებულ 80%-ს.
ამისთვის უნდა გადაიარაღებულიყო მთელი ინფრასტრუქტურა, მოწესრიგებულიყო კონდიცირების სისტემა, მომხდარიყო საკვებით უზრუნველყოფა _ ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომელიც დააწვებოდა მუნიციპალიტეტს. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს თანხა შეიძლება ყოფილიყო წლიური დაფინანსების ნახევარი, რის საშუალება 2018 წელს არ იქნებოდა ბიუჯეტში.
ამიტომ დავიწყეთ ალტერნატიულ ვარიანტზე ფიქრი, რომ გამოგვეყო ვაუჩერული სისტემა და მხოლოდ კერძო ბაღების სისტემა გაგვევითარებინა და ეს ხალხი გადაგვემისამართებინა (ნაწილი მაინც) ნაწილობრივ იქ.
ვაპირებდით ნახევრად დაფინანსებას _ ჩვენ მოგვმართეს განცხადებით, რომ იმათი ბავშვებისთვის, ვინც მუშაობენ ზაფხულის პერიოდში, ყოფილიყო საზაფხულო ბაღები, მაგრამ რა დააშავა იმ მოსახლეობამ, რომელიც დაუცველი ფენაა?! ამიტომ, ასე ორ ნაწილად ვერ გავყოფდით ბავშვებს და წელს საზაფხულო ბაღის პროექტი არ გახორციელდა”, _ თქვა ალექსანდრე ბერიძემ.
კითხვაზე, თუ ჰქონდათ ზუსტად დათვლილი, რა თანხა დაუჯდებოდა ოზურგეთს მუნიციპალიტეტს საზაფხულო ბაღების დაფინანსება და რატომ ფიქრობდა, რომ ამ პროექტს დიდ ფინანსები ჭირდება, ბერიძემ გვიპასუხა:
“ზუსტად დაანგარიშებული ვერც გვექნებოდა, რადგან ინფრასტრუქტურას ჭირდებოდა გადაიარაღება. პროექტები უნდა შემდგარიყო, რა დაჯდებოდა ერთი ბავშვის შენახვა სამი თვის განმავლობაში. კონკრეტულად ამის დაანგარიშება კი მოკლე ხანში ვერ მოხერხდებოდა. მართალია, მოქალაქე შორენა კოსტავას ეს წერილია ადრე ჰქონდა შემოტანილი, მაგრამ ბაღების გაერთიანების პროცესი მიმდინარეობდა და ფიზიკურად ვერ მოხერხდა ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა. აქედან გამომდინარე, ზუსტ მონაცემს, თუ რა დაჯდებოდა ამ პროექტის გახორციელება, ვერ ვასახელებ”, _ გვითხრა ბერიძემ.