საპარლამენტო უმცირესობა საპროკურორო საბჭოს დღევანდელი სხდომის ღიად ჩატარებას ითხოვს, თუმცა ამის მიუხედავად შეხვედრა სავარაუდოდ დახურული იქნება. სხდომაზე მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარსდგებიან.
სამიდან ერთს საბჭო შეარჩევს, რომელიც ჯერ მთავრობას შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება. შეხვედრა ამ წუთებში იწყება. დღის ბოლოს გახდება ცნობილი, რომელი კანდიდატი მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას. საპროკურორო საბჭოს 15 წევრი ჰყავს.
მათ უნდა იმსჯელონ სამიდან რომელ კანდიდატს ექნება უფრო მეტი ხმა. ინდივიდუალურად მოხდება კანდიდატებთან გასაუბრება.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ რეფორმების გასატარებლად აუცილებელია პროკურორობის კანდიდატს ჰქონდეს საზოგადოების მხარდაჭერა. ცნობილია, რომ ევროპულმა საქართველომ მთავარი პროკურორობის საკუთარ კანდიდატად შალვა შავგულიძე დაასახელა.
„რაც შეეხება შალვა თადუმაძეს, ხელისუფლების და ივანიშვილის მორიგი ფიგურა ვერ იქნება აღჭურვილი იმ მანდატით, რომ მან შეძლოს ამ რეფორმების განხორციელება და მოიპოვოს საზოგადოების ნდობა,“-აცხადებს კახიძე.
საპროკურორო საბჭოს წევრი გიგა ძნელაძე აცხადებს, რომ მთავრი პროკურორობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების ნდობის ამაღლება მთავარი პროკურატურისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ.
rustavi2.ge