მიუხედავად იმისა, რომ ლელობურთის ტრადიციებით ლანჩხუთი ერთ-ერთი მოწინავე იყო მთელ ქვეყანაში, ფაქტია, რომ, დღესდღეობით, სპორტის ამ სახეობის თანამედროვე მემკვიდრის _ რაგბის გასავითარებლად ბევრი ვერაფერი კეთდება. ლანჩხუთში სპორტული ცენტრის დაქვემდებარებაში მხოლოდ ერთი სარაგბო ჯგუფი ფუნქციონირებს, ინფრასტრუქტურა კი სრულიად მოუწყობელია. მართალია, მუნიციპალიტეტის ყოფილი პირველი პირის, ზაზა ურუშაძის ხელმძღვანელობის პერიოდში პატარა ლანჩხუთელ რაგბისტებს დიდი ზარზეიმით გადაეცა სოფელ ჭალაზე მდებარე სტადიონი, თუმცა, რეალურად იქ გაუვალი ტყეა და ელემენტარულ სავარჯიშო პირობებზეც კი საუბარი ზედმეტია.
ლანჩხუთში რომ რაგბი წარმატებული იქნება, ამის დასტურია თუნდაც ის, რომ წლების წინ ორჯერ იყო სარაგბო გუნდის შექმნის მცდელობა და ორჯერვე თვალშისაცემი შედეგებით. დროის ამ მოკლე მონაკვეთში ბევრმა დაინახა ის პოტენციალი, რომელიც ლანჩხუთში არსებობს და მისი ფუჭად დაკარგვა დანაშაულიც კია.
საბედნიეროდ, გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც დიდი სურვილი აქვს სპორტის ეს სახეობა ააღორძინოს ლანჩხუთში და საკუთარი ხარჯებით ქალაქის ცენტრში სარაგბო კომპლექსი ააშენოს, რომელსაც შემდეგ უსასყიდლოდ გადასცემს მუნიციპალიტეტს. ეს ადამიანი სოფელ ქვიანის მკვიდრი, გიორგი ფირცხალაიშვილია, რომელსაც ტრაგიკული ბედი აკავშირებს სპორტის ამ სახეობასთან.
მას რამდენიმე წლის წინ, მოულოდნელად ერთადერთი ვაჟი გარდაეცვალა, რომელიც რუსეთის ქალაქ როსტოვის სარაგბო გუნდის წევრი იყო და დიდი მომავალიც ჰქონდა. სამწუხაროდ, ამ 19 წლის ვაჟკაცის ოცნებებს ასრულება არ ეწერა და მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად, მამამ გადაწყვიტა შვილის სახელზე ლანჩხუთში სპორტის ამ სახეობას უდიდესი დახმარება გაუწიოს. მან ჯერ მშობლიურ ქვიანში ჩაიფიქრა რაგბის სტადიონის მშენებლობა, მაგრამ იქ არარსებული შესაბამისი ადგილმდებარეობის გამო, ლანჩხუთის ცენტრში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე შეჩერდა არჩევანი.
გიორგი ფირცხალაიშვილის კარგ ჩანაფიქრს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დადებითად შეხვდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 ჰექტარზე მეტი მიწის ფართიც გამოყო სარაგბო კომპლექსის ასაშენებლად. მართალია ჯერ რეალურად არაფერია შეჯერებული, მაგრამ წინასწარი თანხმობები იმის გარანტიას იძლევა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივა. ამ ეტაპზე მხოლოდ ტერიტორიის მოსუფთავებაა დაწყებული და მალე შესაბამისი პროექტიც შედგება, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირთან იქნება შეთანხმებული. წინასწარი მონაცემებით აქ უნდა მოეწყოს ორი სარაგბო სტადიონი – ძირითადი და სათადარიგო, თავისი ინფრასტრუქტურით, გასახდელებით და სველი წერტილებით. ძირითად მინდორს გაუკეთდება ტრიბუნა, დაახლოებით 750 ადამიანზე გათვლილი და თანამედროვე ტაბლო. ამავდროულად უნდა აშენდეს ადმინისტრაციული შენობა, სატრენაჟორო დარბაზი და პატარა სასტუმრო, რომელიც საწვრთნელ შეკრებებს მოემსახურება. ეს ყველაფერი რომ პატარა საქმე არაა, ეს ფაქტია. უფრო მეტიც – ჩავთვალოდ, რომ ყველაფერი თუ გეგმის მიხედვით განხორციელდა, სამომავლოდ ლანჩხუთი იქნება არა მარტო გურიის, არამედ სხვა ახლომახლო რეგიონების ერთ-ერთი მთავარი სარაგბო ცენტრი.