საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ გზის ის მონაკვეთი შეისწავლა, სადაც რამდენიმე კვირის წინ თბილისიდან ექსკურსიაზე მიმავალი სამარშრუტო მიკროავტობუსის ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. საუბარია ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთზე, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზატკეცილის გადასახვევიდან (27-ე კმ) გომბორი გზის 50-ე კილომეტრის ჩათვლით.
“მომსწრე გავხდით არაერთი საფრთხის შემცველი ფაქტის, კერძოდ კი უჯარმაში, სადაც ბავშვი „ზებრა-გადასასვლელზე“ ვერ ახერხებდა და მხოლოდ ჩვენი დახმარებით შეძლო გზის გადაკვეთა. გზის პირას მდებარე სოფლებში, მოსახლეობა ფეხით, ძირითადად საავტომობილო გზაზე გადაადგილდება (ავტომობილების ინტენსიური მოძრაობის დროს), რაც უკიდურესად დიდ საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს”,- წერია ასოციაციის მიერ მომზადებულ დასკვნაში.
ანგარიშის თანახმად, გზის ამ მონაკვეთზე დაფიქსირდა მძღოლების მიერ ავტომობილის – მოსახვევებში მაღალი სიჩქარით შესვლის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გასწრების შემთხვევები.
დასკვნაში წერია, რომ შესწავლის შედეგად გამოვლინდა შეცდომით დამონტაჟებული არაერთი შემთხვევევა. ასოციაციის წევრების თქმით, ზოგ შემთხვევაში საგზაო ნიშნები ისეთ ადგილებშია დამონტაჟებული, რომ არ ჩანს, რაც “ავტოავარიების რისკებს ზრდის”.
“დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წრიულ მოძრაობამდე და წრიული მოძრაობის დროსაც, ინფრასტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ შეუძლებელია გზის ამ მონაკვეთის გავლა საგზაო მოძრაობის წესების დაცვით. არის უკიდურესად საფრთხის შემცველი საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილისათვის, მათ შორის ქვეითისათვის. საგზაო ნიშნები შინაარსობრივად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. საგზაო ნიშნები ასევე ეწინააღმდეგება ჯერ კიდევ შემორჩენილ საგზაო მონიშვნებსაც. იმის ნაცვლად, რომ საგზაო ნიშნები-მონიშვნები მძღოლს უმარტივებდეს მოძრაობას და უწევდეს დახმარებას უსაფრთხოდ გადაადგილებაში, პირიქით, აწვდის არასწორ ინფორმაციას და შეჰყავს შეცდომაში. მოუწესრიგებელია გზატკეცილის გვერდულები და შუქამრეკლი ბოძ-კინტები. გაუგებარია 70 კმ/სთ სიჩქარის დაშვება წრიული მოძრაობის ირგვლივ და ამავდროულად სხვა სატრანსპორტო საშუალებისათვის გზის დათმობის მოთხოვნა. საგზაო ნიშნები მოუვლელია და ჩაფლულია ხეებში. საგზაო მონიშვნები თითქმის წაშლილია და აღარ აღიქმება, განსაკუთრებით ღამის საათებში. საერთოდ უგულებელყოფილია მაფრთხილებელი საგზაო ნიშნები, რომლებიც წინასწარ მიაწვდიდა მძღოლს ინფორმაციას საგზაო მოძრაობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. ერთადერთი საშუალება, რომ მისაბმელიანი ტრანსპორტის გომბორის გზაზე შესვლის აკრძალვა გაკონტროლდეს არის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, გამომდინარე მათი დატვირთვიდან, კანონის აღსრულებისათვის მხოლოდ მათ ფიზიკურ რესურსზე დაყრდნობა არასაკმარისია. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის 27-ე კილომეტრი გომბორის გადასახვევთან, ისეა მოწყობოლი, რომ არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას. გზის ამ მონაკვეთის საგზაო-ინფრასტრუქტურულ მოწყობას არ აქვს არანაირი საერთო, საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო-თანამედროვე სტანდარტებთან“,- წერია დასკვნაში.
შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავდა, გზიდან ხევში გადავარდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო. შსს-ს განცხადებით, ავარიის მონაწილე მძღოლი დაკავებულია.
წყარო: იმედინიუსი