მიმდინარე წელს, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, დასავლეთ საქართველოში 30 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის შედეგადაც სასწავლო გარემო 15 200 ბავშვს გაუმჯობესდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მდებარე რამდენიმე სკოლაში უკვე მიმდინარეობს, მათ შორის გურიაშიც.
ათასწლეულების გამოწვევის ფონდმა ქუთაისში მედიატური გამართა და ჟურნალისტებს ქუთაისის მე-5 და 33-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გააცნო. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა საქრთველოში ჯენერი ედელმანმა.
როგორც ათასწლეულების გამოწვევიას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე აღნიშნავს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ საჯარო სკოლები სრულად შეიცვლება.
„დღეს ვეწვიეთ ქუთაისის მე-5 და 33-ე საჯარო სკოლებს, სადაც ათასწლეულების გამოწვევის ფონდი ახორციელებს სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პროექტი მიმდინარეობს გრაფიკის მიხედვით. საჯარო სკოლების რეაბილიტაციას იმერეთში მომავალ წელს დასრულდება. ჯამში იმერეთში 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია გახორციელდება. ამ სკოლების რეაბილიტაციისთვის ჯამურად გამოყოფილი გვაქვს 15 მილიონი ამერიკული დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულების გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერით.
აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლები რომლებსაც რეაბილიტაციას ვუკეთებთ სრულად შეიცვლება, კომუნიკაციის სისტემები დაყენდება ახალი, ასევე მოეწყობა ახალი სველი წერტილები და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, მთლიანად განახლდება ავეჯი. ყველა ის სამშენებლო კომპანია, რომელიც ახორციელებს საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ჩვენი დაფინანსებით გაივლის სპეციალურ ტრენინგს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების უსაფრთხოების, შრომის უფლებების დაცვის და გარემოს დაცვითი უსაფრთხოების კუთხით. ამ პროექტის ფარგლებში 30 ქართულ სამშენებლო კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და 1 500-ზე მეტი ადამიანი გახლავთ დასაქმებული“,_აცხადებს მაღრაძე.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში 91 სკოლის რეაბილიტაცია გახორციელდება, რომელთაგან 8 ქუთაისში მდებარეობს.
როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სკოლების რეაბილიტაციის გარდა, სკოლის დირექტორების და მასწავლებლების გადამზადებაც მოხდება.