ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის გამოკითხვის შემდეგ, პროკურატურამ, შესაძლოა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გამოკითხოს.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის საგამოძიებო უწყებაში დაბარება? _ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია.
დღეს, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ღიად განაცხადა, რომ პროკურატურას ყოფილ და მოქმედ თანამდებობის პირებთან კითხვები აქვს, რომელთაც პასუხები უნდა გაეცეს.
,,როდესაც არსებობს კითხვები, უნდა გაეცეს პასუხები, არა აქვს მნიშვნელობა ადამიანი რა პოზიციაზეა. ეს მეც მეხება და ჩემს ნებისმიერ კოლეგას, რომელიც დღეს ჩემ გვერდით არის ან ყოფილ კოლეგას. ვფიქრობ, რომ ამ თემების გარშემო, ზოგადად, კითხვის ნიშნების არსებობა არ არის სწორი“, _განაცხადა ბახტაძემ.
მმართველი გუნდიდან კვირიკაშვილის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას არ გამორიცხავს ზაზა პაპუაშვილი. იგი სრულად იზიარებს ბიძინა ივანიშვილის კრიტიკულ დამოკიდებულებას კვირიკაშვილთან დაკავშირებით.
,,რეალობაა, რომ პროკურატურას ნამდვილად ჰყავდა დაბარებული ორი მინისტრი. საჯარო მოხელეები, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობენ, თანამდებობაზე სუფთად უნდა მოვიდნენ და სუფთად უნდა წავიდნენ. ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო ბიძინა ივანიშვილის ის დამოკიდებულება, რომელზეც მან ინტერვიუში ისაუბრა. ქვეყნის მსახურობას სჭირდება განსაკუთრებული მონაცემები, სუფთა ხელები და სუფთა გული.
ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილს არ ეყო უნარი იმისა, რომ ქვეყანა ემართა. სანამ გადადგებოდა, მის მიმართ კრიტიული დამოკიდებულება ისედაც მქონდა. პოლიტიკოსს, რომელსაც არ შეუძლია, რეალურად შეაფასოს ქვეყანაში არსებული ვითარება, უძნელდება ქვეყნის მართვა. როცა პრემიერი ხარ, ორ მინისტრთან არ უნდა გქონდეს ურთიერთობა, ურთიერთობა უნდა გქონდეს მთელ მინისტრთა კაბინეტთან“, _გვითხრა პაპუაშვილმა.
პოლიტიკის ექსპერტი, სოსო ცინცაძე ,,გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ ივანიშვილის სურვილის მიუხედავად, გიორგი კვირიკაშვილის კარგ პრემიერ-მინისტრად მონათვლა არ გამოვიდა.
,,კვირიკაშვილის მოღვაწეობა უნდა შეაფასოს პროკურატურამ. ივანიშვილს, რასაკვირველია, უნდოდა, რომ მის მიერ დანიშნული ყველა ჩინოვნიკი ყოფილიყო წარმატებული. ამასთან, ივანიშვილს სურდა, რომ ნარმანია ყოფილიყო კარგი მერი, მაგრამ არ გამოვიდა. ივანიშვილს უნდოდა, რომ ღარიბაშვილი ყოფილიყო კარგი პრემიერი, მაგრამ არ გამოვიდა, ასევე, ივანიშვილს უნდოდა, რომ კვირიკაშვილიც ყოფილიყო კარგი პრემიერი, მაგრამ არ გამოვიდა.
ძნელი დასაჯერებელია, რომ სამინისტროებში არსებული კორუფციული სქემის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ კვირიკაშვილს ჰქონოდა. არსებობს უწყებები, რომლებიც აკონტროლებენ კორუფციულ საქმიანობას“, _გვითხრა ცინცაძემ.
მიმდინარეობს თუ არა გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობის შესწავლა და დაიბარებენ თუ არა ყოფილ პრემიერს პროკურატურაში გამოკითხვაზე, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ჯერჯერობით, საგამოძიებო უწყება კითხვებზე არ პასუხობს.