საპრეზიდენტო არჩევნები წლის მთავარი პოლიტიკური თემა და აქტიური განხილვის საგანია. როგორი იქნება ძალთა გადანაწილება საპრეზიდენტო არჩევნებში? რომელი კანდიდატები შეძლებენ საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას?_ ამ და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე _ ,,გურია ნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
_ ბატონო რამაზ, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი არ ჩქარობს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი და როგორ აფასებთ მარგველაშვილის ხუთწლიან საპრეზიდენტო მოღვაწეობას, რით დაამახსოვრა თავი ქართველ ამომრჩეველს?
_ თარიღის დანიშვნას მარგველაშვილი რომ არ ჩქარობს, ბუნებრივია. არავინ იჩქარებს ამ სიტუაციაში, რადგან, ჯერჯერობით, ყველას აქვს დრო და უკიდურესობამდე შეეცდება, მიიყვანოს ეს საკითხი, რადგან, რაც უფრო გვიან გაიხსნებიან კადრები, მით უფრო მოგებული იქნება თითოეული მხარე.
ფაქტია, მარგველაშვილმა მოახერხა ის, რომ თანამდებობა, რომელიც არც ისე ბევრ უფლებებს მოიცავდა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გახადა. დღეს საზოგადოებამ იცის, ვინ არის მარგველაშვილი და იცნობს მის მოღვაწეობას. იგი აქტიური ადამიანია და ცდილობს, რომ ამ აქტიურობით მნიშვნელოვანი გახადოს პრეზიდენტის თანამდებობა. მარგველაშვილი შეეცადა, რომ პრეზიდენტის სტატუსი გაემტკიცებინა და კიდევ უფრო გაეძლიერებინა, რაც კარგია.
_ როგორ ფიქრობთ, მარგველაშვილი გეგმავს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
_ ვვარაუდობ, რომ შეიძლება არ აინტერესებდეს, იმიტომ, რომ საპრეზიდენტო გაწამაწია უკვე ნახა რა არის. ნახა რა არის უუფლებო პრეზიდენტობა. არ გამიკვირდება, რომ არ ჰქონდეს დიდი ინტერესი იმისა, რომ ხელახლა იყოს მხოლოდ ვეტოს გამგებელი, რადგან, ფაქტობრივად, მეტი არაფერი რჩება მის უფლებებში. უფრო ველოდები, რომ თავი მოაბას საპარლამენტო არჩევნებში პარტიის შექმნას.
_ თქვენ ვარაუდობთ, რომ მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტია შექმნას, ვის მოიაზრებთ მის გვერდით?
_ გვერდით ყოფნა, ალბათ, ძნელი დასაზუსტებელია, მაგრამ მოიძებნება ბევრი ყოფილი პოლიტიკოსი და მათი თავმოყრით საკმაოდ ძლიერი გუნდი შეიკვრება.
_ წინასაარჩევნოდ მარგველაშვილს ,,შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა შესთავაზა გაერთიანება. როგორ ფიქრობთ, მარგველაშვილი რა შემთხვევაში მიღებს უსუფაშვილის წინადადებას?
_ თუ გაერთიანება გულისხმობს, რომ უსუფაშვილს დაუჭიროს მხარი, შეიძლება, დასთანხმდეს. თუ თვითონ აპირებს მონაწილეობას არჩევნებში, მაშინ ამ დათანხმებას აზრი არა აქვს.
_ ,,ბევრი მიჩიჩინებს და არ გამოვრიცხავ, კენჭი ვიყარო საპრეზიდენტო არჩევნებში“, _ აცხადებს დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი. რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ელისაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში?
_ ჩემი აზრით, ელისაშვილის შანსები საკმაოდ მაღალია. სულ ველოდებოდი, როდის გამოჩნდებოდა ასპარეზზე. მას შეუძლია ამ მარათონს შესძინოს ის დაძაბულობა, რომელიც, შესაძლოა, სხვა კანდიდატს არ ჰქონდეს. მგონია, რომ ყველაზე სერიოზული კანდიდატია მმართველი პარტიისთვის.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილს კონკურენციას გაუწევს და სავარაუდოდ, დაამარცხებს?
_ კონკურენციას გაუწევს სწორედ იმით, რომ ქართულ საზოგადოებას არ მოსწონს პარტიები და მას, როგორც უპარტიოს უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება.
_ შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველმა გუნდმა საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს და დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი. ოპოზიცია ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებს, რომ ,,ქართულ ოცნებას“ სურს, ზურაბიშვილის დამოუკიდებელ დეპუტატად წარმოჩენა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. იზიარებთ ამ მოსაზრებას?
_ ზურაბიშვილი საერთოდ ძალიან დამოუკიდებელი პიროვნებაა და არავინ იფიქროს, რომ ადვილად დაიყოლიებენ იმაზე, რისი გაკეთებაც მას არ უნდა.ზურაბიშვილი ,,ქართული ოცნების“ წევრიც რომ ყოფილიყო, თუ ჩათვლიდა, რომ გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს, არავის დაეთანხმება.