„ამ ქალაქში ეტყობა, მარტო ლავრენტის სიტყვას აქვს ფასი“, _ ამბობს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან ამირან ქანთარია, რომელსაც კვირკველიას ქუჩაძე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე წლებია კერძო სამედიცინო დაწესებულება აქვს განთავსებული. ქანთარიას თქმით, ტერიტორია, რომელიც მისი კლინიკის მიმდებარედაა, დანაგვიანებულია და მუნიციპალიტეტს მის დასუფთავებას სთხოვს.
„წლებია უკვე, საკრებულოს სხდომებზე სულ იმაზე მიწევს საუბარი, რომ ზოგიერთი საბიუჯეტო სამსახური ხელს მიშლის ჩემი კერძო საქმიანობის გახორციელებაში. ნაგავი და სიბინძურეა კვირკველიას ქუჩაზე, სადაც კერძო კლინიკა მაქვს. ცოტა ხნის წინ სტუმრებს ველოდებოდი და საკუთარი ხარჯებით დავასუფთავე იქაურობა. მივიდეთ ახლა და ვნახოთ, რა მდგომარეობაა. კვირაში ორჯერ რომ დაასუფთავოს ტერიტორია დასუფთავების სამსახურმა, არ იქნება ასეთი გაუსაძლისი მდგომარეობა. მოკლედ, ისღა დამრჩენია, რადიკალურ ზომებს მივმართო ჩემი სამსახურის დასაცავად, რომელიც 30 წლის წინ შევქმენი. როგორც ჩანს, გარე ძალები და სხვა პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ, გავლენა იქონიონ ჩვენს მაღალჩინოსნებზე. არავის ვემუქრები, მე ამ ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ და არ მინდა ოპოზიციაში წავიდე, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, რადიკალურ ზომებს მივმართო“, _ ცხარობდა საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრი.
ქანთარიას საკრებულოს სხდომაზევე უპასუხა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და განუმარტა, რომ დასუფთავების სამსახურს არ გააჩნია შესაბამისი რესურსი და საშუალება, აღნიშნული ტერიტორია სისტემატურად დაასუფთავოს.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ დასუფთავების სამსახური ერთჯერადად დაასუფთავებდა ამ ტერიტორიას. მარტო კვირკველიას ქუჩა ხომ არაა. გამოდის, რომ ქალაქის ყველა ქუჩის დაგვა-დასუფთავება უნდა მოხდეს და ამის რესურსი ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. სხვათა შორის, ადგილზე ვიმყოფებოდი თქვენს კლინიკასთან, გავესაუბრე კორპუსის მაცხოვრებლებს და აღმოჩნდა, რომ გარკვეული პრეტენზიები მათ აქვთ თქვენთან და თქვენი კლინიკის მიმართ. კერძო საკუთრება გაგაჩნიათ იქ და თქვენი კლინიკის მიმდებარე ტერიტორია თავად უნდა დაასუფთაოთ“, _ განუმარტა სარიშვილმა ქანთარიას.
თუმცა, დეპუტატი ამტკიცებდა, რომ მის კლინიკას ამის ვადდებულება არ აქვს.
„ის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და თუ მე უნდა დავასუფთაო, მაშინ მომეცით იურიდიული უფლება, რომ ის ტერიტორია ჩემი მოქმედების არეალი იყოს”.