საქართველოს პარლამენტმა დამოუკიდებელ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის სრული კომფორტი შეუქმნა. კერძოდ, “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება იყოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, მხოლოდ ერთი პირობით _თუ კანდიდატმა წარადგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განაცხადი აქვს გაკეთებული.
საარჩევნო ცვლილებებიდან გამომდინარე, ვარაუდი იმის შესახებ, რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული, რაც სხვადასხვა წყაროებითაც დასტურდება, სრულიად ლეგიტიმურია.
პოლიტიკის ექსპერტი, გია ხუხაშვილი ,,გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ საპრეზიდენტო სავარძელი ორი კანდიდატისთვის _ ბიძინა ივანიშვილისთვის ან სალომე ზურაბიშვილისთვის მზადდებოდა, რასაც საარჩევნო კოდექსში გახორციელებული ცვლილებები ცხადყოფს.
,,საარჩევნო კოდექსში გახორციელებული ცვლილებები ეჭვებს აჩენს, ნებისმიერ ქმედებაში უნდა ეძებოთ გარკვეული საფუძველი, სხვა მოტივი თითქოს არ ჩანს. შეიძლება ვივარაუდოთ ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის კენჭისყრაც განიხილებოდა. მოტივი არსებობს და ასეთ აზრს აქვს არსებობის უფლება“, _გვითხრა ხუხაშვილმა.
ვინ დააფინანსებს დამოუკიდებელი დეპუტატის წინასაარჩევნო კამპანიას?_ ეს არის შეკითხვა, რომელზეც პასუხი, ჯერჯერობით, სალომე ზურაბიშვილისგან და ,,ქართული ოცნების“ წევრებისგან არ მიგვიღია.
,,გამოჩნდებიან კერძო პირები, რომლებიც დაიწყებენ ინტენსიურად თანხების შეტანას ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში“, _ასე ხსნის ხუხაშვილი ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას.
,,თავად სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ,,ქართული ოცნება“ არის ვალდებული, რომ თავისი საარჩევნო ფონდი უზრუნველყოს, მაგრამ ზურაბიშვილის საარჩევნო პროცესი ძალიან სასაცილო იქნება და მაინტერესებს, ზურაბიშვილი რა ფორმით იმოქმედებს. უკვე დავრწმუნდით, რომ ამ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტი დაწყევლილია და ვფიქრობ, ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სასაცილო წინასაარჩევნო კამპანია გველის.
საინტერესოა, ,,ქართული ოცნება“ რა ფორმით დაეხმარება ზურაბიშვილს, აქაც შეიძლება ბევრი საინტერესო კითხვა გაჩნდეს. გამომდინარე იქედან, რომ ,,ევროპული საქართველო“ და ,,ნაციონალური მოძრაობა“ გამოცდილი ინტრიგანები არიან, შეიძლება, ამ მხრივაც ბევრი სკანდალის მომსწრენი გავხდეთ.
,,ქართულ ოცნებას“ არ აქვს უფლება, ოფიციალურად დააფინანსოს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, ამიტომ, ვფიქრობ, გამოჩნდებიან კერძო პირები, რომლებიც დაიწყებენ ინტენსიურად თანხების შეტანას ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში. ვინ იქნებიან ეს კერძო პირები წინასაარჩევნო პროცესის დროს დავინახავთ“, _გვითხრა ხუხაშვილმა.
დამოუკიდბელი დეპუტატი ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას რომ ვერ მოიპოვებს _ამაზე საუბრობს ექსპერტების დიდი ნაწილი. ჩვენი ინფორმაციით, ზურაბიშვილის გათვლაც სწორედ ის იყო, რომ არჩევენებში მონაწილეობა ,,ქართული ოცნების“ მხარადჭერით მიეღო.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის ყველა დეპუტატისთვის ზურაბიშვილის კანდიდატურა მისაღები არ არის, უკვე ცნობილია, რომ გუნდი საკუთარ კანდიდატურას არ დაასახელებს და მის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.
საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შანსებზე გია ხუხაშვილი გვესაუბრა:
,,თუ ,,ქართული ოცნება“ აქტიურად დაუჭერს მხარს, მაშინ მისი შესაძლებლობები ოპოზიციის კანდიდატებზე მაღალი იქნება, არა იმიტომ, რომ ზურაბიშვილი ავტორიტეტია, არამედ ,,ქართული ოცენების“ რესურსები გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილე სუბიექტის ბედს“, _განაცხადა ხუხაშვილმა.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ აცხადებს მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ზურაბიშვილს ვკითხეთ, ,,ქართული ოცნების“ მხარადჭერის გარეშე მიიღებდა თუ არა საპრეზიდენტო არჩევენბში მონაწილეობას?_თუმცა, ზურაბიშვილმა კითხვაზე პასუხი არ გაგვცა.
როდის გაასაჯაროებს ზურაბიშვილი ინფორმაციას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და ვინ იქნება მისი საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელი, ჯერჯერობით, უცნობია.