იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა, გვენეტაძემ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.
მანამდე კი, ყოფილი თავმჯდომარე იუსტიციის საბჭოში არსებულ პრობლემებზე და გავლენიანი ჯგუფის მანკიერებაზე ხშირად საუბრობდა. მეტიც, იყო შემთხვევა, როცა გვენეტაძემ საბჭოს წევრები ძალადობრივ ქმედებაშიც დაადანაშაულა.
მკითხველს გვსურს, შევახსენოთ გვენეტაძის ის განცხადება, სადაც ყოფილი თავმჯდომარე საბჭოში არსებულ ძალადობრივ მანკიერებაზე საუბრობს.
“საბჭოს მიერ დღეს ჩემდამი მიმდინარეობს განსაკუთრებული ზეწოლა ბატონი მდივნისა და წევრების წარმომადგენლობით. მე დღეს ვარ ძალადობის მსხვერპლი“, _აცხადებდა გვენეტაძე.
გასული წლის ნოემბერში გვენეტაძის ამ განცხადებაზე, რეაგირება არც ერთ სახელისუფლებო რგოლს არ მოუხდენია. საკითხზე იუსტიციის არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი საუბრობს.
_თვეების წინ, გასული წლის ნოემბერში ნინო გვენეტაძემ გააკეთა განცხადება, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი და საბჭოზე ისაუბრა ამის შესახებ. ამაზე რეაგირება არავის მოუხდენია. მწვავე რეაქციები ამას არ მოჰყოლია.
რა არის თანამდებობის დატოვების რეალური მიზეზი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება თუ სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის ზეგავლენა, რომელმაც გვენეტაძეს თანამდებობის დატოვებისკენ უბიძგა?_ თემაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე გვესაუბრა.
_ რა თქმა უნდა, გუშინ, ციანიდის საქმეზე მიღებული განჩინების შემდეგ კითხვებს აჩენს ქალბატონი ნინოს გადადგომა. ის, რომ სასამართლო სისტემაში არის გავლენიანი ჯგუფი და ის, რომ ქალბატონი ნინო გასული წლის ნოემბერში საუბრობდა ამ პრობლემებზე, ნათელია. თუ ჯანმრთელობის გარდა სხვა მიზეზებიც არსებობს, ამაზე თავად ქალბატონმა ნინომ უნდა ისაუბროს დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე.
ქალბატონი ნინო, დამოუკიდებლად ვერ შეცვლიდა სასამართლო სისტემას. პირობითად ვამბობ, თუ ქალბატონი ნინო ცუდი თავმჯდომარე იყო, ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც მისი დამსახურება იყო. იმიტომ, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა ხელისუფლებასაც აქვს, რომელმაც რეფორმები საკანონმდებლო დონეზე ეფექტურად არ გაატარა. მეორე, როცა ქალბატონი ნინო გახდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მისი მონდომება და აქტიურობა მაღალი იყო, შემდეგში შესუსტდა. ყველაფერს აქვს ორი მხარე, როცა საუბარია სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღაზე, მესამე ტალღას თავის პრობლემები ჰქონდა, რომელიც ცვლილებების დროს არ გასწორდა, მეოთხე ტალღა კი გაურკვეველია, როგორ დასრულდება.
კარგი იქნება, საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხი თავად ყოფილმა თავმჯდომარემ გასცეს, თუმცა, მანამდე, მოულოდნელ გადაწყვეტილებაში კითხვის ნიშნებს ხედავს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.
,,მინდა, ნინო გვენეტაძის გადადგომაც არ იყოს ისევე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში“, _ასე აფასებს მარგველაშვილი თანამდებობიდან გვენეტაძის წასვლას.
ნინო გვენეტაძე თანამდებობას 2015 წლის 20 მარტიდან იკავებდა.