2018 წლის 8 აგვისტო _10 წელი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან.
ომმა, რომელმაც საქართველოს 408 მოქალაქე შეიწირა, ქართველი ხალხის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა.
ვინ დაიწყო აგვისტოს ომი? _ პოლიტიკოსთა ნაწილი, მათ შორის, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, კონფლიქტის დაწყებაში სააკაშვილის ხელისუფლებას ლომის წილი მიუძღვის.
ზურაბიშვილმა კითხვებზე: ,,შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია – უგუნურება? გიჟი პრეზიდენტის ახირება? თუ უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?“_ პასუხების გაცემა მკითხველსა და ანალისტიკოსებს მიანდო.
ექსპერტის უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაიას თქმით, ვარაუდი იმის შესახებ, რომ თითქოს აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო, არასწორია. მისი თქმით, რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა საქართველოს ტერიტორიებზე, მოახდინა ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია, ამიტომ კითხვაზე პასუხი, თუ რომელმა მხარემ დაიწყო ომი?_ ყველასთვის გასაგები უნდა იყოს.
,,ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ეს არის არასწორი გამონათქვამი, იმიტომ, რომ საქართველო არ გადასულა მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არ გამოუცხადებია ომი მეორე სახელმწიფოსთვის.
2008 წლის ომის შემდეგ, საქართველომ დიდი ზიანი მიიღო და ფაქტობრივად, რუსეთის ხელისუფლების ფედერაციამ მოიპოვა უკეთესი ვითარება გეოსტრატეგიულ კონტექსტში, არა მარტო საქართველოსთან მიმართებით, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონში.
აგვისტოს ომამდე რუსეთის ფედერაციას სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე არ ჰყავდა განლაგებული, 2005 წელს საქართველომ მოითხოვა და რუსეთმა გაიყვანა სამხედრო ბაზები ჩვენი ტერიტორიიდან, რაც რუსეთისთვის ძლიერი დარტყმა იყო. ეს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის დამსახურება იყო, რომელმაც შეთანხმებას მიაღწია.
2008 წლის შედეგად, რუსებმა განალაგეს საკმაოდ ძლიერი სამხედრო ბაზები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციამ, ფაქტობრივად, მოახდინა საკუთარი ძალების მოდერნიზაცია და საქართველომ მიიღო მცოცავი ოკუპაცია. შეიცვალა გეოსტრატეგიული ვითარება კავკასიის რეგიონში და ჩვენი ქვეყანა ხიფათის ციხეში აღმოჩნდა. სწორედ, რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინეს, ამიტომ ვინ დაიწყო ომი, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, _ გვითხრა მაისაიამ.
რუსეთ-საქართველოს ომი 5 დღის განმავლობაში გაგრძელდა.
12 აგვისტოს კონფლიქტურმა მხარეებმა, ევროკავშირის თავმჯდომარის შუამდგომლობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელთა ვალდებულებები რუსეთის ფედერაციას შეუსრულებელი აქვს.