არსებული რეალობიდან გამომდინარე, ფაქტად რჩება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში მეწყრული პროცესების კერების მატების ტენდენცია შეინიშნება. განსაკუთრებით იქ, სადაც უხვი ნალექი მოდის, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად, მგრძნობიარე გეოლოგიური გარემო და სამწუხაროდ, ეკოსისტემაში ადამიანის უხეში და არასწორი ჩარევაც ემატება.
თუ სპეციალისტების დასკვნით ვიხელმძღვანელებთ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყერსაშიშ ზონებს შორის, სადაც ყველაზე რთული მდგომარეობაა, ერთ-ერთი სოფელი აცანაა. შესაბამისად, შექმნილი მდგომარეობა ამ სოფლის არა ერთ მცხოვრებს უქმნის პრობლემას და ხშირ შემთხვევაში, საცხოვრისის გარეშე დარჩენის საშიშროებასაც.
ერთ-ერთი, ვინც ამ მხრივ დახმარებას ითხოვს, აცანის მკვიდრი ლამარა ჩხაიძეა, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს. თუმცა, როგორც თავად ჰყვება, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მისი პრობლემით არავინ დაინტერესებულა და არც დახმარება აღმოუჩენიათ:
“ნეტავ, თუ ზრუნავს და ფიქრობს გარდაუვალი კატასტროფის წინაშე მყოფ ადამიანებზე რომელიმე სამსახური. რამდენჯერმე მქონდა მცდელობა, რომ არსებული მდგომარეობა ცოტა მაინც შემემსუბუქებინა, თუმცა, ამაოდ. პასუხად ყოველთვის ვიღებდი, რომ ჩემთვის დაფიქსირებული ქულები საკმარისი არაა დახმარების გასაწევად, თან იგივე პრობლემა სხვა ოჯახებსაც აქვთ.
მიკვირს, მე რომ ვარ მდგომარეობაში, ამაზე უარესი მდგომარეობა რაღა უნდა იყოს?! საცხოვრებელი სახლი ყველგან დაბზარულია. მის უკან მდებარე მიწის საკმაოდ დიდი ნაწილი კი მეწყერმა წაიღო. რაც დრო გადის, უფრო რთულდება სიტუაცია. ბზარები თანდათან მატულობს და ყოველდღიურად იზრდება სახლის ჩამონგრევის საშიშროებაც.
საკითხავია, შიშველი ხელებით, მარტომ როგორ უნდა გავუმკლავდე მეწყერს, რა ძალით უნდა შევაჩერო, რანაირად უნდა შევძლო წინააღმდეგობა გავუწიო და თავიდან ავიცილო სტიქიის ეს შემოტევა?! მანამდეა საჭირო დახმარების გაწევა, სანამ ეს ამბავი მსხვერპლით არ დამთავრებულა”, _ ამბობს აცანის მკვიდრი ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას გასაჭირში დახმარების თხოვნით საჯაროდ მიმართავს.
ლამარა ჩხაიძის პრობლემასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს ემზარ თედორაძეს დაუკავშირდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ დეპუტატი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში არაა:
“ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ ვარ საქმის კურსში, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩემს უფლება-მოვალეობაში არ შედის და არ შემიძლია განვსაზღვრო, ამ მხრივ ვის რა სახის დახმარება შეიძლება გაეწიოს. ამისთვის შესაბამისი სამსახურები არსებობს”, _ გვითხრა თედორაძემ.
ზოგადად, მსგავს შემთხვევებში პროცედურა ასეთია: ადგილობრივი თვითმმართველობა ბუნების დაცვის უწყებას Top of Form აწვდის სიას იმ ოჯახების, რომლებიც მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ. ამის შემდეგ ხდება საცხოვრებელი სახლების შესწავლა და დადგენა, არის თუ არა იქ შესაძლებელი იცხოვროს ადამიანმა. იმ შემთხვევაში, როცა სიტუაცია რთულია, შესაბამისი რეკომენდაცია და დასკვნა ადგილობრივ ხელისუფლებას გადმოეგზავნება, რის შემდეგაც თავად მოსახლე, რომელსაც აღიშნული პრობლემა აქვს, მიდის ლტოლვილთა და განსახლების უწყებაში, წერს განცხადებას და რეგისტრირდება მონაცემთა ბაზაში. ამის შემდეგ სწორედ ეს სამსახური სწავლობს მდგომარეობას.