საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ,,შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, დავით უსუფაშვილს ესაუბრა.
_ ბატონო დავით, მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს. ,,ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. რამდენად რეალური შეიძლება იყოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გუნდმა მხარდაჭერა თქვენს სასარგებლოდ დააფიქსიროს?
_ არ მქონია არანაირი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონსულტაციები ,,ქართულ ოცნებასთან“. ჩემი გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე არ ყოფილა და არ არის დამოკიდებული ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერაზე. ვარ დაინტერესებული, რაც შეიძლება ბევრმა ამომრჩეველმა დამიჭიროს მხარი. მხარი დაუჭიროს იმ მიდგომებს, რომლებიც მაქვს. ამ ეტაპზე ვმუშაობ ამომრჩეველი დავარწმუნო, რომ ჩემი მხარდაჭერა ქვეყნის ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება.
_ რა შედეგს ელოდებით საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორია თქვენი წინასაარჩევნო პროგნოზი?
_ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ამომრჩეველი დამიჭერს მხარს. პირველ რიგში, ის ხალხი, რომელმაც 2012 წელს, ,,ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, მხარი დაუჭირა ცვლილებას. მე ვარ იმ საქმის ერთგული, რომელმაც მაშინ გაგვაერთიანა, ამიტომ არ გამიკვირდება, თუ ამომრჩეველთა ის სერიოზული ნაწილი, რომელიც, ,,ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, ჩემკენ გამოიხედავს.
საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას სურს, იხილოს ისეთი სახელმწიფო მეთაური, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს. არის მოთხოვნა ისეთ ადამიანზე, რომელმაც იცის ჩვენი ქვეყნის ავკარგიანობა, რომელსაც ჰქონია შეხება მაღალი დონის სახელმწიფო სამსახურთან, რომელსაც ჰქონდა საერთაშორისო ურთიერთობაში მჭიდრო ჩართულობა. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ვარ ერთ-ერთი კარგი საპრეზიდენტო კანდიდატი ამ ქვეყანაში.
_ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, აღიქვამთ რომელიმეს ძლიერ კონკურენტად?
_ ამ არჩევნებში ჩემი მთავარი კონკურენტია მოსახლეობაში გამეფებული ნიჰილიზმი, რასაც მოწმობს არჩევნების კვლევები, რომლებიც გვეუბნება, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაინტერესებული არის ჰყავდეს ფავორიტი კანდიდატი და პოლიტიკური ძალა, მაგრამ ასეთს ვერ ხედავს. საქმე გვაქვს ძალიან სახიფათო მოვლენასთან, როდესაც ნანატრი დამოუკიდებლობა ბედმა გვარგუნა და სადაცაა ხალხმა ხელი ჩაიქნია, რომ საკუთარი პრეზიდენტი არიჩიოს. მთავარი კონკურენტია ხალხში გამეფებული ,,სულერთიანობა“, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება პრეზიდენტი და ა. შ. ამასთან მექნება ბრძოლა, წარმატების შემთხვევაში კი, ვფიქრობ, საარჩევნო წარმატება გარანტირებულია.
_ ბატონო დავით, პარლამენტმა, პრეზიდენტის უფლებები კიდევ უფრო შეზღუდა. რატომ არის ეს თანამდებობა თქვენთვის საინტერესო?
_ არ ვიტყოდი, რომ პრეზიდენტს უფლებები შეუზღუდეს. ჩვენ გადავედით მართვის სხვა ფორმაზე, ანუ საპრეზიდენტო მმართველობიდან გადავედით საპარლამენტო მმართველობაზე. მმართველობის სისტემა შეიცვალა და მეტი ფუნქციები დაეკისრა პრემიერ-მინისტრს. ევროპული სახელმწიფოების 95% არის სწორედ ამ მოდელზე აწყობილი და თვლით, რომ რომელიმე ევროპულ სახელმწიფოში პრეზიდენტის როლი და ფუნქციები არის უბრალო? საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის მართვა-გამგეობის სისტემაში ცალკე გამოიყო სახელმწიფოს მეთაურის ფუნქცია, რაც კარგია.
_ ხშირად საუბრობთ პოლიტიკურ გეგმებზე, სამომავლოდ ვინ შეიძლება ვიხილოთ თქვენს გუნდში?
_ საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ გუნდში ახლაც ხედავთ და მომავალშიც იხილავთ ძალიან ბევრ კვალიფიციურ ფიგურასა და სპეციალისტს. ჩვენ პოლიტიკურ ძალაში გვეყოლება, დაახლოებით, 200 თანალიდერი. ისეთი მყვირალა სახეები, რომლებსაც ყველა იცნობს, თუმცა, მისი მიღმა რა კვალიფიკაცია დგას ხშირად გაუგებარია, არ არის ჩვენთვის საინტერესო.