გზად მიმავალს, ნორვეგიიდან ჩამოსული, ჩვენი მკითხველისთვის კარგად ცნობილი პერსპექტიული ახალგაზრდა _ ნინო ჯიბუტი შემხვდა. მასთან საუბრის შემდეგ გამყვა ფიქრი, რომ არსებობენ აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ, კარიერული და პროფესიული ზრდისთვის, ნინო კი ამის ნათელი მაგალითია. გზა მოსწავლეობიდან სამაგისტრო სტიპენდიის მოპოვებამდე მიზნის მიღწევის სურვილით, უდიდესი შრომისმოყვარეობითა და მუდმივად ახლის ძიებით არის განვლილი.
_ ნინო, მომიყევი შენი სამაგისტრო პროგრამის შესახებ…
_ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის ბაკალავრის ხარისხის მოპოვებისა და ერთწლიანი სამუშაო პაუზის შემდეგ მიზნად დავისახე საერთაშორისო მაგისტრის ხარისხი მომეპოვებინა, წარმატებამაც არ დააყოვნა და სრული სტიპენდიით ევროკავშირის დაფინანსებულ სამაგისტრო პროგრამაზე მოვხვდი ამავე მიმართულებით, რომელიც ითვალისწინებს თითო სემესტრით სწავლას პორტუგალიაში, ნორვეგიასა და შვედეთში, პარალელურად ადგილობრივ ორგანიზაციებში სტაჟირების გავლას. პროგრამის პირველი წელი წარმატებით დავასრულე, მომდევნო და დასკვნით წელს კი შვედეთში გავატარებ.
ერასმუს მუნდუსი არის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, მიიღონ ევროპული განათლება, გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა, მიეჩვიონ დამოუკიდებელ ცხოვრებას და ისწავლონ მასპინძელი ქვეყნების კულტურის შესახებ. ჩემს პროგრამაში 1000 აპლიკანტიდან დაფინანსება 14-მა მონაწილემ მოიპოვა, საქართველოდან კი წილად ეს პატივი მე მხვდა.
_ როგორ შეაფასებდი განვლილ წელს, რა მოგცა ერასმუსის პროგრამამ?
_ განვლილი წელი ძალიან საინტერესო იყო, უდიდესი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება მივიღე, შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები და პროფესიული კონტაქტები. კიდევ უფრო საინტერესო წელი მელოდება წინ, თუმცა, დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სწავლის გამოცდილება ჯერ კიდევ ამერიკაში მივიღე 2010-2011 წლებში მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX -ის საშუალებით. მოგვიანებით კი, ბაკალავრიატზე 2014-2015 წლებში პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ერასმუსის სამაგისტრო პროგრამა ჩემთვის მაინც ახალი გამოწვევა იყო, თუმცა, სიახლეებით სავსე წელმა მოლოდინს გადააჭარბა. გარდა იმისა, რომ პროგრამა სწავლის საშუალებას იძლევა სხვადასხვა ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში, ასევე არაჩვეულებრივი შანსია შეხვდე საინტერესო ადამიანებს, ისწავლო პრაქტიკულად და იმოგზაურო.
_ როგორია სტუდენტური ცხოვრება ევროპაში?
_ ევროპული განათლება სტუდენტის ინტერესებზე მორგებულია, ფოკუსი კრიტიკულ აზროვნებაზე კეთდება. უსაზღვრო რესურსი და მაღალი ხარისხის განათლება ქმნის ევროპულ სისტემას მომხიბვლელს სხვა ქვეყნის სტუდენტებისთვის. პროფესორები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ყველა სტუდენტის ინდივიდუალური სურვილი და ინტერესის სფერო გათვალისწინებული იყოს სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში. განათლების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, ასევე, უკუკავშირი, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ, თავიანთი წვლილი შეიტანონ საუნივერსიტეტო სისტემისა თუ მიდგომის დახვეწის საკითხში. ძლიერია სტუდენტური გაერთიანება, რომელიც ძალიან ბევრ ღონისძიებას მართავს სტუდენტებისთვის. ნორვეგიაში სწავლისას ჩემი ინიციატივითა და უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, ღონისძიება ჩავატარეთ სახელად _ “ვზეიმობთ მრავალფეროვნებას”, სადაც სხვადასხვა ქვეყნების სტუდენტებმა თავიანთი სამზარეულო, ტრადიციები, კოსტუმები და კულტურა გააცნეს ნორვეგიელ სტუდენტებსა და პროფესორებს. აღნიშნული ღონისძიება მაგალითი იყო იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როგორც სტუდენტებმა, ასევე, ჩვენი ქვეყნის ელჩებმა სწორი კუთხით დავანახოთ უცხოელებს საკუთარი ქვეყანა.
_ როგორც ვიცი, ძალიან გიყვარს მოგზაურობა, მოგეცა საშუალება, გენახა სხვადასხვა ქვეყანა?
მოგზაურობა ნამდვილად ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, შესანიშნავი გზაა შეიგრძნო სამყაროს მრავალფეროვნება. მოგზაურობა მეხმარება, ვისწავლო ხალხზე და კულტურებზე, მათ ტრადიციებსა და სამზარეულოზე. ჩემთვის ყოველი ახალი ქვეყანა თავისებურად საინტერესოა. 20-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩემზე ისლანდიამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება. ზოგადად, სკანდინავიის ქვეყნების ხიბლი, ჰუმანური საზოგადოება, ეგალიტარული სისტემა და გენდერული თანასწორობა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ ღირსეულად და შექმნან საზოგადოებრივი დოვლათი.
_ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი…
_ მოუთმენლად ველოდები მაგისტრატურის ბოლო წელს შვედეთში. ამჟამად მუშაობა დავასრულე სტატიაზე, რომელიც გამოქვეყნდა საქართველოში ინგლისურენოვან გამოცემა Georgian Journal-ში, სათაურით, “რატომ არის ბავშვებში ინვესტირება მნიშვნელოვანი?” სადაც ვსაუბრობ მშობლებისთვის მოქნილი სადეკრეტო შვებულების უფლებაზე, მამის როლზე ბავშვის აღზრდის პროცესში და ემოციურ კავშირზე მშობლებსა და ბავშებს შორის. აღნიშნულ სტატიაში ვადარებ ნორვეგიისა და საქართველოს შრომით კოდექსებს და ვსაუბრობ რეკომენდაციებზე.
ამ ეტაპზე გეგმა საქართველოში დაბრუნებაა სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს, ამერიკული საბჭოების დახმარებით და სხვადასხვა საერთაშორისო დონორის მხარდაჭერით, ექვსზე წელზე მეტია, არაერთ პროექტს ვაკეთებ მოწყვლადი ფენისთვის საქართველოში. იმედი მაქვს, რომ მასშტაბებს გავზრდი და საინტერესო ინიციატივას შევთავაზებ სამომავლოდ პროექტის ბენეფიციარებს.
ქეთევან კუკულავა