ბოლო წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომის მთაზე “გომისმთობა“ აგვისტოს დასაწყისში აღინიშნებოდა.
“გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსს მარინა ჯაფარიძეს დაუკავშირდა და დაინტერესდა, ჩატარდება თუ არა წელს კურორტზე სპორტული და კულტურული ღონისძიებები.
“ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 21 აგვისტოს არის დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებები გომისმთაზე. ზუსტი თარიღი და დრო ამ დღეებში გავრცელდება. უამინდობის გამო, გადავწიეთ თარიღი. ღონისძიებები ადგილობრივი ძალებით გაიმართება“, _ გვითხრა მარინა ჯაფარიძემ.
ჩვენ, ასევე, დავინტერესდით სოფლის დღესასწაულების ჩატარებით. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2014 წელს აღდგენილი „შემოქმედობა“ აღარ გაიმართება.
“რომელიც სოფელიც გამოთქვამს სურვილს, ჩატარდეს კულტურული თუ სპორტული ღონისძიება, აუცილებლად ჩავატარებთ. ვიცი, რომ „ასკანობა“ გაიმართება, ასევე, მიდის საუბარი „შემოქმედობა“ 2018-ის ჩატარებაზე. სოფლის მცხოვრებლები და მერის წარმომადგენლების აქტიურობაზე მოხდება ღონისძიებების ჩატარება. ოღონდ, ყველა ღონისძიება ადგილობრივი ძალებით შედგება. მოწვეული მომღერლები არ იქნებიან, რადგან ძალიან დიდ თანხებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული და ამის საშუალება არ აქვს მუნიციპალიტეტს”, _ გვითხრა მარინა ჯაფარიძემ.