„ლეიბორისტული პარტია“ ტაქსების ლიცენზირების საკითხს აპროტესტებს და დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესახებ დღეს პარტიის ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტაქსების მძღოლებსა და მათი ოჯახების წევრებს მშივრებს დატოვებს.
„ხელისუფლება ასიათასობით ტაქსისტსა და მათი ოჯახის წევრებს მშიერს ტოვებს. კალაძე -ივანიშვილის დაჯგუფებამ გადაწყვიტა მონოპოლია აიღოს მგზავრთა გადაყვანაზე. მათ შორის, ამ სფეროში შეუდგა რეგულაციებს, რაც რა თქმა უნდა, გამოიწვევს მსხვილი კომპანიების შექმნას და ამ ადამიანების ქუჩაში დატოვებას, რომლებმაც თვითდასაქმებით მოიპოვეს სარჩო.
ჩვენ ვასაჩივრებთ საკრებულოს ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას სასამართლოში და ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს ხალხი არ დარჩეს ქუჩაში ან არ გახდეს იძულებული დატოვოს ქვეყანა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს არც მეტი და არც ნაკლები საკრებულოს თავმჯდომარე, ცნობილი ყაჩაღ ტყემალაძის შვილი, უმცროსი ტყემალაძე. დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო, ზუსტად ახდა. ეს ყველაფერი არის იმ თბილისელების ბრალი, ვინც გავარდნენ და ხბოს აღტკინებით მხარი დაუჭირეს ამ დანაშაულებრივ ჯგუფს. მათ შორის, იმ ტაქსისტების ბრალი, რომლებიც უშიშროების დავალებით ჩვენზე ათასნაირ ბინძურ ჭორებს ავრცელებდნენ საარჩევნო პერიოდში,“_განაცხადა ნათელაშვილმა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ასევე ტაქსისტებს გადაწყვეტილების გაპროტესტებისკენ და ინტერესების დაცვისთვის საბრძოლველად მოუწოდა.
„მივმართავ ტაქსისტებს. მეგობრებო, ნუ იქნებით კურდღლები. თქვენი ინტერესის დასაცავად თქვენ უნდა იბრძოლოთ სიგნალებით, მანქანებით, პროტესტებით, ქუჩის გადაკეტვებით და არა რომელიმე პარტიამ ან პრეზიდენტობის კანდიდატმა. ჯერ თქვენ უნდა გაანძრიოთ ხელი და მერე მოგეხმარებათ ყველა. როდესაც ასე შეშინებული ხართ ბუჩქებში შემძვრალი და აი, აქაც ვერ მოდიხართ, რომ ბრიფინგზე დაგვიდგეთ გვერდზე არაფერი არ გეშველებათ არასოდეს აღმაშენებელი, რომ გაცოცხლდეს და ერეკლე მეფე, რომ დაბრუნდეს საიქიოდან“,_განაცხადა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ლიცენზია არ ექნებათ დაჯარიმდებიან.
ამავე თემაზე: