შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ლ. შ. და 1960 წელს დაბადებული ლ. შ. არასრულწლოვანით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 1989 წელს დაბადებული ლ.შ. მშობიარობის შემდეგ ახალშობილი შვილის გაყიდვას აპირებდა. იგი, დედასთან – 1960 წელს დაბადებულ ლ.შ.-სთან ერთად, ბავშვის შეძენის მსურველებს ეძებდა, რომლებთანაც თანხასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა.
დედა-შვილმა ახალშობილი სამშობიაროდან გამოწერის დღესვე, 1000 ლარის სანაცვლოდ გაყიდეს. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი მყიდველის მიერ თანხის გადაცემის დროს დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაყიდვას გულისხმობს.