„გაკვეთილები რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის მოგვიანებით“_ამ სათაურით აქვეყნებს THE USNEWS პოლიტოლოგ კიმბერლი ჯოი მარტენთან ინტერვიუს.
როგორც გამოცემა წერს, რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ საქართველოში, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში 10 წლის წინ შეიჭრა და დაიწყო კონფლიქტი, რომელიც დღეს თვლემს.
რუსების მიზანი თითქოს სამშვიდობო იყო: ქართული არმია სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო დედაქალაქ ცხინვალში გადავიდა, რის შემდეგაც პრორუსულმა სეპარატისტებმა ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2008 წლის კონფლიქტი იყო პირველი შემთხვევა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა დამოუკიდებელ ქვეყანაში შესაჭრელად სამხედრო ძალა გამოიყენა. აქედან გამომდინარე, ეს იყო რუსეთის აგრესიული პირველი ნაბიჯი, რომელიც წინ უძღოდა ყირიმში შეჭრას. საქართველოზე გახორციელებული კიბერთავდასხმა ასევე პირველ ნაბიჯად აღიქმება რუსეთის მიერ შემდგომში გახორციელებული კიბერიერიშებისა, განსაკუთრებით კი 2016 წელს როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში ჩაერია.
THE USNEWS -ის ცნობით, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა, რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ რეგიონების ოკუპაციას, განსაკუთრებით ღამით, ისინი სწევენ საზღვრებს, ღობეებს და თხრიან თხრილებს.
2011 წლიდან The Heritage Foundation-მა საზღვრის გადაწევის 56 შემთხვევა გამოავლინა.
_რა წარმოადგენს რუსეთის სტრატეგიულ მიზანს სამხრეთ ოსეთში საზღვრების გადაწევით?
_რთულია გაიგო რა არის საბოლოო მიზანი. პუტინს ნამდვილად არ აქვს საბოლოო მიზნები.ის არის ტაქტიკური მოაზროვნე და ოპორტუნისტი. არ ვფიქრობ, რაც სამხრეთ ოსეთში ხდება, ნიშნავს, რომ მას საქართველოს დედაქალაქის აღების მიზანი აქვს. ვფიქრობ, ძალიან კარგად იცის, რომ ეს ნაბიჯი არაპროდუქტიული იქნება და მთელ ცხოვრებას ომში გაატარებს ცდის შემთხვევაში. მაგრამ თუ კიდეებზე შეუძლია ტერიტორიის მიღება და პროვოკაცია, ამით ქართველებს ეუბნება გააცნობიერონ, რომ მე აქ ვარ და არსად არ ვაპირებ წასვლას. მე არ მივიღებ ამას ნიშნად, რომ საქართველოსთან ომის დაწყებას აპირებს. არ ვფიქრობ პუტინი ისე სულელი იყოს, რომ საქართველო აიღოს. საუკეთესო მტკიცებულება არის, რომ ის შეჩერდა აღმოსავლეთ უკრაინაში. მან კარგად იცოდა, რომ თუ წინსვლას გააგრძელებდა უკრაინელები წინააღმდეგობას გაუწევდნენ და ბრძოლა მოუწევდა ამბოხებულ ხალხთან. ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთმა მათი ქვეყანა აიღოს და პუტინმა იცის, რომ ხალხი კბილებით და ფრჩხილებით გაუწევს წინააღმდეგობას.
_რას ფიქრობთ რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის ბოლო კომენტარზე საქართველოს სურვილის შესახებ ნატოს შეუერთდეს?
_არ ვფიქრობ, რომ საქართველო ნატოში მალე გაწევრიანდება. წევრობა არ არის მხოლოდ ქვეყნების დაცვა რუსეთიდან, არამედ რა სარგებელს ნახულობს ნატო წევრი ქვეყნისგან. ქვეყნებს, რომლებიც ნატოს უერთდებიან უნდა ჰქონდეთ ეკონომიკური შესაძლებლობა წვლილი შეიტანონ ნატოს თავდაცვაში, იმიტომ რომ იქ ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვისაა, რაც ნიშნავს რომ ისინი ხელს შეუწყობენ სხვა ადამიანების დაცვას, რაც მკაფიოდ განაცხადა ასევე პრეზიდენტმა ტრამპმა.
ისინი ელოდებიან, რომ ტერიტორიაზე მოგვარდეს კონფლიქტები, რომ ნატო მათ ომში არ ჩააბან. პუტინის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში შესვლის მიზეზი ისაა, რომ პუტინი თვლის ამ ქვეყნებს საბოლოო საზღვარი არ გააჩნიათ და ეს ნიშნავს, რომ არასდროს გაწევრიანდებიან ნატოში. მედვედევის კომენტარი სისულელეა, რადგან საქართველო ნატოს წევრი მალე ვერ გახდება.
_ნატომ შეცდომა ხომ არ დაუშვა საქართველო და უკრაინა წლების წინ რომ არ მიიღო?
_ნატოს მხრიდან შესაძლოა შეცდომაა იმის თქმა, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები მომავალში გახდებიან. შესაძლოა მომავალში 30 ან 40 წელი იგულისხმებოდეს, თუმცა, ეს იყო პროვოკაცია და ადვილი საბაბი პუტინისთვის გაეკეთებინა ის, რაც მოიმოქმედა. პოლიტილოგ ჯონ მარშეიმერის მსგავსი ადამიანები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ პუტინი საქართველოში შევიდა, რადგან შეეშინდა საქართველო ნატოს წევრი არ გამხდარიყო, ასევე უკრაინაში. შანსი იმისა, რომ ეს მალე მოხდება არ არსებობს.