ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი _ ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს.
სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები კი ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორთა შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა. პრობლემურია სუიციდის რისკების დროული გამოვლენა და პრევენცია, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან.
განსაკუთრებულ პრობლემად რჩება კიბერ ბულინგის და ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მათზე ეფექტური რეაგირება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ძალზედ დაბალია როგორც მოსწავლეების, ისე სკოლის პერსონალის ცნობიერების დონე და ხშირად კიბერ ბულინგი ძალადობად არ აღიქმება.
მედიასაშუალებების მხრიდან მომეტებულ ყურადღებას საჭიროებს ბავშვთა საკითხების, მათ შორის სუიციდის შემთხვევების გაშუქება ეთიკური სტანდარტებისა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული შემთხვევის გაშუქებისას ადგილი ჰქონდა ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალების წარმოჩენას, რაც უგულებელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შემდეგი ღონისძიებების მყისიერ გატარებას:
- განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების სერვისების გაძლიერებას და ეფექტურობის გაზრდას. კერძოდ, მნიშვნელოვანია დროულად შეიქმნას სპეციალიზებული ცხელი ხაზი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ მათთვის მეგობრული, კვალიფიციური სერვისი და შესაბამისი კონსულტაცია 24 საათიან რეჟიმში;
- საგანმანათლებლო და სოციალურმა სამსახურებმა უზრუნველყონ არასრულწლოვნების ინფორმირება ძალადობის ფორმების – ბულინგის, კიბერ ბულინგის, სექსუალური შევიწროების, თუ სხვა სახის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფორმების თაობაზე და მიაწოდონ მათ ინფორმაცია შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ;
- სუიციდის რისკების დროული გამოვლენის და პრევენციის მიმართულებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთა (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მასწავლებლების, სოციალური მუშაკების და სხვა) გაძლიერებას და მათი ბავშვებთან მუშაობის უნარების დახვეწას;
- გაძლიერდეს საზოგადოების, განსაკუთრებით ბავშვების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები; ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათი საჭიროებების თუ პრობლემების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას შესაბამის მხარდაჭერა მოყვება და პასუხისმგებელი სახელწიფო უწყებები სათანადო ღონისძიებებს გაატარებენ.
დაბოლოს, სახალხო დამცველი მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საკითხის მგრძნობელობის გათვალისწინებით, სიფრთხილე გამოიჩინონ გაშუქებისას და იხელმძღვანელონ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით.