1931 წელს საბჭოთა ეკრანებზე გამოვიდა მიხეილ ჭიაურელის სატირული კომედია “ხაბარდა”, რომელსაც სპეციალისტების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. სცენარი ჭიაურელთან ერთად დაწერა სერგეი ტრეტიაკოვმა. “ხაბარდა” აზერბაიჯანული სიტყვაა და ქართულად ასე ჟღერს: “განზე გადექი!” ან “გზიდან ჩამომეცალე!”. ამ სიტყვებით მიმართავდნენ ფილმის ავტორები ,,ძველი ცხოვრების მოტრფიალეებს”, ინტელიგენციას, იმ ხალხს, ვინც აღუდგა ეკლესიის დანგრევას. რეალურ ცხოვრებაში ასეთებს მართლაც გზიდან იცილებდნენ. გაიხსენეთ თუნდაც დიმიტრი შევარდნაძე, რომელიც წინ აღუდგა ლავრენტი ბერიას აბსურდულ სურვილს – დაენგრიათ მეტეხის ტაძარი, მის მაგივრად მუზეუმი აეშენებინათ, ხოლო ტაძრის მაკეტი იმავე მუზეუმში საპატიო ადგილას მოეთავსებინათ. ცხადია ეკლესიას, ფილმშიც და ცხოვრებაშიც, ანგრევდნენ არა მარტო იმისთვის, რომ ადგილი გაეთავისუფლებინათ მუშების კეთილმოწყობილი სახლებისათვის, არამედ ეს იყო ანტირელიგიური კამპანიის ერთი ნაწილი. გასაკვირია, რომ ასეთმა ნიჭიერმა ადამიანმა, სკულპტორმა და მსახიობმა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად არქეოლოგიურ ექსპედიციებში დადიოდა ტაო-კლარჯეთში, სადაც ის ძეგლების ფოტოდოკუმენტირებას ახდენდა, ასე იცვალა ფერი, ახალ წყობილებას აუწყო ფეხი და მალევე მის მგზნებარე პოეტად, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად და სტალინის კარის რეჟისორად იქცა. ჭიაურელი ამბობდა: ,,(ფილმის) თემა ასახავს ქართული საზოგადოების იმ ნაშიერებს, რომელებიც თავის დროზე ებრძოდნენ ყოველივე რუსულს, შემდეგ კი ეს ბრძოლა მექანიკურად საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ გადაიტანეს. მინდოდა შემექმნა პამფლეტი, დამეცინა მათთვის და სიცილით გამენადგურებინა”. ჭიაურელი ძველ ყოფას აბუჩად იგდებს, უარყოფს მას, არ ინდობს ქართულ ინტელიგენციას, მიწასთან ასწორებს, ანუ ისეთ ადამიანებს, როგორებიც იყვნენ იგივე შევარდნაძე, რომელმაც ღირსეულად იცხოვრა და ვაჟკაცურად შეხვდა სიკვდილს, მაშინ, როცა სხვები ამ წყობილებას გუნდრუკს უკმევდნენ.
ფილმში მაყურებელს არ ეძლევა შანსი ერთმანეთს შეადაროს სიძველეების დამცველნი და ახალი ცხოვრების მშენებლები, რადგან ეს უკანასკნელნი ფილმში თითქმის არ ჩანან და მთავრი აქცენტი გადატანილია ე.წ. რეტროგრადებზე, მაგრამ ეს ნაჩვენებია ძალიან უნიჭოდ და პრიმიტიულად. მიხეილ ჭიაურელმა ვერ შეძლო შეესრულებინა ხელისუფალთა დაკვეთა, ვერ შეძლო მათი გულის მოგება რაზედაც კარგად აისახა იმ ნეგატიურ რეცენზიებში, რაც ცენტრალურ პრესაში დაიბეჭდა. ამისთვის კარგა დიდი ზომის ციტატას მოვიყვან: ,,ზოგიერთი კადრის ათვისების დროს მაყურებელი უფრო მეტ წვალებას განიცდის _ ვიდრე ამას განიცდიდნენ საბერძნეთის ისტორიაში ცნობილი თხები, როდესაც მათ ძალდატანებით ბულბულის როლში გამოსვლას ავალებდნენ. `ხაბარდა~ კი პირველ რიგში კბილებჩამტვრეული ოხუნჯობაა, რომელიც ალაგ-ალაგ ბანალურობამდე დაიყვანება. ბურჟუაზიულ-მეშჩანური ინტელიგენციის გაშარჟების მხრივ სურათი ვერ აღწევს მიზანს. გზადაგზა მექანიკურად ჩამატებულია მომენტები სოციალური მშენებლობიდან. მეტად დატვირთულია ზღაპრების ისტორიით. მთავარი მოქმედება `იგულისხმება~ ეკრანს მიღმა, აკლია ორიგინალური მთლიანობა და პოლიტიკური სინამდვილე… რეჟისორს კარგად უნდა ესმოდეს ის ელემენტარული, მაგრამ, ძალზე საჭირო ამბავი, _ რომ ეკლესიის და საერთოდ ძველი ყოფა-ცხოვრების ნარჩენების აღმოფხვრა ისეთი ურა პოლიტიკით არ წარმოებს, როგორც ეგ `ხაბარდაშია~ ნაჩვენები. აქ განსაკუთრებული გონებამახვილობა და ზომიერება იყო მემარცხენეთა შემოქმედებითი პრინციპების ცენზურული ხასიათის გამოვლენა რეალობის ინტერპრეტაციისას საჭირო”.