ბატონი ვალერი გელბახიანი ერთ შემთხვევას ხშირად იგონებდა.
„რამდენიმე წლის წინ საპარლამენტო ჯგუფი ჩინეთს ვეწვიეთ საქმიანი ვიზიტით. თბილისი-ბათუმის გზაზე მანქანაში ყოველთვის მქონდა პისტოლეტი „ჩეზე“, 15-ვაზნიანი. რა იცი, რა ხდება. დამირეკეს, ბათუმიდან არის გაფრენაო, ჩავედი, შევკარი პატარა ჩანთა და ეს იარაღიც შიგ არ ჩავდე?!
ყველა საკონტროლო პუნქტზე თავიდან-ფეხებამდე შეგვამოწმეს ბარგიანად, მაგრამ ამ პატარა ხელჩანთას იქვე, გვერდზე ვდებდი ხოლმე და კაციშვილი არ დაინტერესებულა. ჩავედით პეკინში, გაგვაფრთხილეს, ქალაქში დიდი ამბებია, სასტუმროს ნომრის ყოველ ოთახში და ტუალეტშიც კი ფარული კამერებია დაყენებული ტერორისტების გამოსაჭერად და არ შეგეშინდეთო.
შეხვედრაზე მიგვიწვიეს. შევედი აბაზანაში თავის მოსაწესრიგებლად და წვერის გასაპარსად, გავხსენი ჩანთა – პისტოლეტი! თუ იქვე სული არ გამძვრებოდა, არ მეგონა! თან ვიცი, კამერით მიყურებენ. ჩვენებს დავურეკე. თავს ცუდად ვგრძნობ, უჩემოდ წადით-მეთქი და დავიწყე ფიქრი, როგორ მოვიშორო. ბოლოს ჩავიდე ჯიბეში, გავედი ქუჩაში და ვაზნები თითო-თითოდ ურნებში ჩავყარე. უცებ ტვინში დამარტყა, ვარიანტი არაა, ვიღაც არ მითვალთვალებდეს-მეთქი და გადავწყვიტე, პოლიციას ჩავბარებოდი. მივედი სასტუმროში, მირეკავენ, შეხვედრა დამთავრდა და ოპერაში გელოდებითო. ჰამლეტ ჭიპაშვილი გამახსენდა, გამოცდილი დიპლომატია, იქნებ რამე მიშველოს-მეთქი. ვეცი ტაქსს და მძღოლს ოპერაში წაყვანა მოვსთხოვე. ეს ადამიანი თურმე ტაივანელი ყოფილა, მარტო ჩინური იცის და სადღაც მიყრუებულ ბარამდე მიმიყვანა. ძლივს ავუხსენი რომ იქ არ მინდოდა. მალე ძალიან პრესტიჟულ დასახლებაში აღვმოჩნდი. ტაქსი რომელიღაც კაზინოს წინ გაჩერდა. კარის წინ ორმეტრიანი რუსი ეროვნების მუტრუკები იდგნენ და მივადექი.
– ოპერა მინდა!
– ახლავე, შევიდა ერთ-ერთი კაზინოში.
– სად წავიდა? – ვეკითხები მეორეს.
– „ოპერა“ ჩვენი უფროსის საიდუმლო „კლიჩკაა“, ახლავე მოიყვანს.
ვაი, შენს თავს ვალერი გელბახიანო! შიგნით რომ შემათრიონ და ეს იარაღი მიპოვონ ჯიბეში, იქვე გამაფრთხობინებენ სულს. გავვარდი გულისხეთქებით ტაქსისკენ და ისევ სასტუმროში დავბრუნდი. თავდაპირველად დასამშვიდებელი წამალი დავლიე, შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ ოპერა სასტუმროს მეორე მხარეს მდებარეობდა. მივედი ჩინურ ოპერაში, მოვნახე ჰამლეტ ჭიპაშვილი და ჩემი გასაჭირი მოვუყევი. ჰამლეტმა, იარაღი ამ შენობის ტუალეტში გადააგდეო, მირჩია. მაშინვე წამოვხტი, პისტოლეტი ქართულ(!) გაზეთში გავახვიე და ტუალეტში დავტოვე. გამოვბრუნდი გახარებული და დარბაზში შესვლა ვერ მოვასწარი, დამლაგებელი ქალის ყვირილი გავიგონე. ამ ჩინელმა ქალბატონმა ჩემთან მოირბინა, მაჩვენა, აი, ეს დაგრჩათო და გაზეთში გახვეული იარაღი ხელში ჩამიდო! უფლება რომ მქონოდა, სიამოვნებით მივახრჩობდი!
მოკლედ, სასტუმროში „ჩეზე“ ნაწილებად დავშალე და ყველას ჩამოვურიგე, რომ თბილისამდე ჩაეტანათ და იქ ამეწყო. გაუჩნდათ სალაპარაკო, მაშაყირებენ და ვატყობ, საქვეყნოდ მეჭრება თავი. აეროპორტში, კონტროლზე რომ გავიარეთ, ჰამლეტი დაიჭირეს. ერთი საათი ჰყავდათ დაკავებული და თვითმფრინავიც იცდიდა, სიტუაციის გარკვევამდე. ახლა ამაზე დარდით გავთავდი კაცი, ჩემი მიზეზი ხომ არ იყო, სასხლეტი გამოჰქონდა. როგორც გაირკვა, ხანჯლები უპოვეს, ძლივს გავათავისუფლეთ და მთელი გზა მისი ამბავი ეკერათ პირზე.“