საპრეზიდენტო არჩევნების წინ კანდიდატები დაპირებებს უხვად გასცემენ, თუმცა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს დაპირებების შესრულება თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.
ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის უფლებები, წინა კონსტიტუციასთან შედარებით, კიდევ უფრო შეზღუდულია. კონსტიტუციის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატს არ შეუძლია პენსიის ზრდა, განათლების, სასამართლო, სოციალურ- ეკონომიკურ თუ სხვა სისტემაში არსებული პრობლემების ძირეული აღმოფხვრა და გაჯანსაღება.
საპრეზიდენტო კანდიდატთა ნაწილი კი, ერთი შეხედვით, მაცდურ, თუმცა პრაქტიკაში განუხორციელებელ დაპირებებზე ხშირად აპელირებს.
,,გურია ნიუსი“ გაგაცნობთ საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელთა წინასაარჩევნო დაპირებების პრაქტიკაში განხორციელება პრეზიდენტის უფლებამოსილებას სცილდება.
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, გამარჯვების შემთხვევაში, ამომრჩეველს პენსიის 400-ლარამდე გაზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ჰპირდება.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ,,ძალა ერთობაშია“ კომპლექსური ანტიკრიზისული გეგმაც კი შეიმუშავა და გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, საზოგადოებას ეკონომიკის, სასამართლო სისტემის, სოფლის მეურნეობის, განათლების სისტემისა და სხვა დარგებში პრობლემის აღმოფხვრასა და გაუმჯობესებას დაჰპირდა.
წინასაარჩევო არარეალური დაპირებებით სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებიც იქცევენ თავს.
,,ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე, გამარჯვების შემთხვევაში, ხალხს პენსიის 50 ლარით გაზრდას, ქვეყნის დეოკუპაციას, ემიგრანტებისთვის შრომითი ბაზების გახსნასა და ქვეყანაში მეტი ინვესტორის შემოყვანას ჰპირდება.
“ჩემი ერთ-ერთი მთავარი დაპირება გახლავთ საქართველოში დაბრუნებამდე ჩვენი ემიგრანტების დახმარება. შრომითი ბაზრის გახსნა, სამუშაო კვოტების გამოყოფა, რაც ნიშნავს გარანტირებულ მინიმალურ ხელფასს, რაც ნიშნავს სამედიცინო დახმარებას, რაც ნიშნავს მათ დაცულობას დეპორტისგან და პოლიციის უკანონო ქმედებებისგან“,_ აცხადებს ბაქრაძე.
წინასაარჩევნო არარეალური დაპირებების გაცემაში საპრეზიდენტო კანდიდატებს არც ,,გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ჩამორჩება.
პარტიის ლიდერი ამომრჩეველს, გამარჯვების შემთხვევაში, 5 წელიწადში თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას ჰპირდება, რაც მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში წარმოუდგენელია.
,,ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება, რომ სოხუმს საქართველოს დედაქალაქად, ხოლო ცხინვალს საპარლამენტო ქალაქად გამოაცხადებს. ასევე, პარტიის ლიდერი, აპელირებს ტოტალიზატორებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაუქმებაზე, რომელთა პრაქტიკაში განხორციელება პრეზიდენტის უფლებამოსილებას სცილდება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი ,,გურია ნიუსთან“ განმარტავს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს აღნიშნული დაპირებების შესრულება საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში არ შეუძლიათ. პავლიაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატებს მოუწოდებს რეალური დაპირებები გასცენ, რათა ამომრჩევლის ინეტრესები არ დაზარალდეს.
,, პრეზიდენტი შიდა პოლიტიკის კუთხით ცვლილებების გამტარი ვერ იქნება. კანდიდატებმა ისეთი ტიპის დაპირებები უნდა გასცენ, რომლებიც უშუალოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში შედის. პრეზიდენტს არა აქვს ისეთი უფლებამოსილება, რომელიც პირდაპირ უზრუნველჰყოფს, რომ გაზარდოს სამუშაო ადგილები და დიდი გავლენა მოახდინოს სოციალურ-ეკონომიკურ, სასამართლო, განათლების თუ სხვა სისტემებზე.
რაც შეეხება შალვა ნათელაშვილის დაპირებებს, კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომ საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი, შესაბამისად, იგივე კონსტიტუციური ცვლილება უნდა მოხდეს, რომ თბილისი აღარ იყოს დედაქალაქი. კონსტიტუციური ცვლილების განხორციელება კი პრეზიდენტს არ შეუძლია.
პარლამენტის უფლებამოსილებაა განსაზღვროს და დაადგინოს წესები, როგორ იფუნქციონიროს ამა თუ იმ კომპანიამ. არსებობს ბევრი რეგულაცია, მათ შორის, კომერციული ბანკების შესახებ, რომელსაც საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრავს არა პრეზიდენტი, არამედ, პარლამენტი.
ის, რომ პრეზიდენტი ამ საპრეზიდენტო კანდიდატების თავის პოზიციიდან შეასრულებს საკმაოდ რთული წარმოსადგენია. შეიძლება, პრეზიდენტმა გარკვეული საკითხების ინიცირება მოახდინოს და მსჯელობა გამართოს, მაგრამ იგივე, როცა საკანონმდებლო ბაზის ცვლილებაზეა საუბარი, ეს პრეროგატივა პარლამენტის ხელშია მოქცეული“,_გვითხრა პავლიაშვილმა.
უფლებები, რომლებიც პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ ეზღუდება:
პრეზიდენტს არ ექნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ფუნქციის განხორციელების საშუალება, გადაწყვეტილების მიღება მთავრობასთან კოორდინირებულად შეეძლება. პრეზიდენტი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს მოსამართლეთა თანამდებობებზე განაწილების პროცესში. მას მთავარსარდლის სტატუსი უნარჩუნდება, თუმცა საომარი მდგომარეობის გამოცხადების უფლება პრემიერის წარდგინების შემდეგ ექნება.
უფლებები, რომელთა განხორციელება პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ შეეძლება:
პრეზიდენტს შეეძლება პატიმართა შეწყალება, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ან კანონთან შეუსაბამობის შემთხვევაში პირისთვის მისი ჩამორთმევა. პრეზიდენტს უფლება რჩება ორგანულ კანონებზე შეყოვნებითი ვეტო გამოიყენოს.
პრეზიდენტს უფლება ექნება დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, პარლამენტს წარუდგინოს ეროვნული ბანკის საბჭოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, წევრების კანდიდატურები.
პრეზიდენტს, ასევე, უნარჩუნდება საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობისა და ხელშეკრულების დადების უფლება, თუმცა ამ ფუნქციას პრემიერ-მინისტრთან ერთად გადაინაწილებს.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. 2018 წელს საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს.
P.S. რას პირდებიან სხვა კანდიდატები ამომრჩევლებს, აქვთ თუ არა კონსტიტუციით მათ დაპირების შესრულების უფლებამოსილება, “გურია ნიუსი” უახლოეს ხანში გაგაცნობთ.