სესხზე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100-დან 50 პროცენტამდე შემცირება, ვადაგადაცილების შემთხვევაში, სესხზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოებისა და სხვა ხარჯების მოცულობა ნარჩენი თანხის 1.5-მაგ ოდენობამდე შეზღუდვა, პირობის დარღვევის შემთხვევაში, სესხზე ყოველდღიური ხარჯის მაქსიმალური მოცულობის შემცირება და ე.წ. „შავი სიის“ გაუქმება_ ეს ცვლილებები საფინანსო ბაზარზე სექტემბრიდან ამოქმედდება.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი ეკონომიკის გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარება და ჭარბვალიანობასთან ბრძოლაა.
რა შეიცვლება ქვეყანაში სესხებზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის 50%-მდე დაწევით და გასცემენ თუ არა ბანკები სესხებს მარტივად კანონის ამოქმედების შემდეგ _ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ ეკონომიკის ექსპერტს, ლია ელიავას ესაუბრა.
როგორც ექსპერტი ჩვენთან საუბრისას ამბობს, შეზღუდვები კომერციულ ბანკებს არ ეხება, სესხებს კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ნებისმიერ შემთხვევაში გასცემენ.
„ეს შეზღუდვები არ ეხება კომერციულ ბანკებს. მათი საპროცენტო განაკვეთები არ იყო 50%-ზე მეტი, ამიტომ უფრო შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, საკრედიტო კავშირებს. სესხები, ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც გაიცემა, რადგან, როდესაც ფული გაქვთ ხელთ, იმან უნდა იმუშაოს. გაზრდილი მადა, რომელიც გააჩნდათ გამსესხებლებს, იქნება შედარებით მოთოკილი. შესაბამისად, მოსახლეობისთვისაც ოდნავ შემცირებული საპროცენტო გადასახადები. თუმცა, ეს მაინც ვერ გახდის ხელმისაწვდომს სესხებს მოსახლეობისთვის. მოსახლეობა მთლიანად ვალებშია გახვეული და ძალიან უჭირს ვალების გადახდა“,_ ამბობს ელიავა.
ეკონომიკის ექსპერტის თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემის დაძლევა მარტო საპროცენტო განაკვეთის შეზღუდვით შეუძლებელია და მის გადასაჭრელად გონივრული გზები უნდა გამოინახოს. ერთ-ერთ გზად კი, ქვეყნის ინფლანციის მაჩვენებლის ზრდის მიხედვით, ხელფასების ზრდას ასახელებს.
„ამ პრობლემას სჭირდება გადაწყვეტის გონივრული გზები. ეს გზა არის არა მარტო საპროცენტო განაკვეთის შეზღუდვა, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მზარდი შემოსავალი, იმის მიხედვით, თუ როგორ იზრდება ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი. გამსესხებლები ინფლაციას ყოველთვის გაითვალისწინებენ საპროცენტო განაკვეთში, სამწუხაროდ, ხელფასებსა და სხვა სახის შემოსავლებში იგი არ გაითვალისწინება. ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ არსებობს სერიოზული დისბალანსი მოსახლეობის შემოსავლებსა და მის უნარს შორის გადაიხადოს სასესხო ვალდებულებები“, _ ამბობს ელიავა.
რაც შეეხება შავი სიების გაუქმების საკითხს, ეკონომიკის ექსპერტის თქმით, ნეგატიური ისტორიები ისევ ნეგატიურ ისტორიებად დარჩება.
„შავი სიები არ უქმდება. თუ რაღაც სხვა სახელი დაერქმევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსესხებელი მაინც არ არის გაშავებული. ეს იქნება სიგნალი ყველა გამსესხებლისთვის, რომ ეს მსესხებელი არ არის სანდო. ამიტომ არავინ მოტყუვდეს, ნეგატიური ისტორიები, როგორც იყო, ისევე დარჩება ნეგატიურ ისტორიებად და არაფერი იცვლება მსესხებლებისათვის, რომელსაც გაფუჭებული აქვს ისტორია“, _თქვა ელიავამ.
ამავე თემაზე:
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეგულაციების გადავადებას ითხოვენ