ამერიკელმა ფიზიკოსმა როდ ვუდმა პლანეტის გლობალური დათბობისაგან გადარჩენის მეთოდი გამოიგონა. “საკმარისია შეიქმნას ღრუბლები ზღვის მარილიანი წყლისაგან, რათა მათ კოსმოსური რადიაცია ისევ კოსმოსისაკენ არეკლონ”, – ამბობს ის. თუმცა სხვა ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ინიციატივა წარუმატებელი, სახიფათო და არაეფექტურია.
ზღვის წყლისაგან შექმნილი ღრუბელი აუცილებლად დაიღვრება მარილიანი წვიმის სახით, გაანადგურებს მცენარეებს და შეერევა იმ მდინარეებს, რომლებიც თავისი მტკნარი წყლით ბუნებას ემსახურება. ასეთი ნალექის შემთხვევაში ჩეულებრივ უსიცოცხლო უდაბნოები წარმოიქმნება. ხელოვნური ღრუბლების მოწინააღმდეგეები ირწმუნებიან, რომ იგი კლიმატის იარაღად იქცევა, რომელიც შემდგომში ხელოვნურად გამოიწვევს წყალდიდობებს. თეორიულად ამგვარი სცენარის განხორციელება შესაძლებელია. მით უფრო, რომ ადამიანს უკვე აქვს ბუნებაზე ზეგავლენის მოხდენის გამოცდილება, – ირწმუნება “გრინპისის” წარმომადგენელი ვლადიმერ ჩუპროვი.
დღესდღეისობით, ღრუბლების შექმნა უბრალოდ შეუძლებელია, რადგანაც არ არსებობს შესაბამისი ტექნოლოგიები, – ამბობს ნოოსფეროს ინსტიტუტის დირექტორი. ღრუბელი შეიცავს ათას ტონა წყალს და მისი ხელოვნურად გაჩერება საჭირო სიმაღლეზე შეუძლებელია.
თუ მეცნიერები მართლაც შეძლებენ ხელოვნური ღრუბლის შექმნას, იგი აუცილებლად დაიშლება რამდენიმე საათში. ამგვარად, პლანეტის გლობალური დათბობისაგან ხსნა ადამიანის ხელისათვის ყოვლად შეუძლებელია. მით უფრო, რომ ღრუბელს არ ძალუძს რადიკალური გავლენის მოხდენა დედამიწის ატმესფორულ ტემპერატურაზე.
ერთ-ერთ ექსპერტს ამასთან დაკავშირებით, თვალსაჩინოებისათვის მოჰყავს 1991 წელს ფილიპინელებზე ვულკან პინატუბოს ამოფრქვევა. მაშინ წარმოიქმნა 125 ათასი კვადრატული კილომეტრის ზომის ფერფლის ღრუბელი, რომელიც შედარებისათვის, საბერძნეთის მთელს ტერიტორიას უდრის.
ვულკანების შედეგად წარმოქმნილი ღრუბლები ფაქტობრივად, იგივე ხელოვნური ღრუბელია, რომელიც რადიაციას კოსმოსისაკენ აირეკლავს და პლანეტას იცავს. მაგრამ ეფექტი საკმაოდ ხანმოკლეა. პინატუბოს ვულკანმა 90-იან წლებში 6 თვით შეამცირა ჰაერის ტემპერატურა. ამის შემდეგ კი, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში ჩაჯდა და შეიძლება ითქვას, რომ უფრო დაჩქარდა კიდევაც. თუმცა, როგორც გრძელვადიანი ეფექტი, რომელიც კლიმატის ცვლილების გარანტია იქნებოდა, ვულკანის ღრუბელიც გამოუსადეგარია.
მეცნიერებმა არაერთგზის წარადგინეს პროექტები დედამიწის გარშემო გიგანტური ლინზების ე.წ. ქამრის შექმნის თაობაზე, რომელიც ჩვენს პლანეტას დაიცავდა კოსმოსური ნაგვისაგან, ან თანამგზავრებისაგან, ასევე მზის რადიაციისა და დედამიწის ხელოვნურად გამოშრობისაგან. თუმცა, დღემდე ჯერ არავის გაუთვალისწინებია ზემოთ აღნიშნული პროექტების შედეგები.