“ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პოზიცია გამოიკვეთება, სავარაუდოდ, კვირას გაიმართება, აღნიშნულის შესახებ განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მიღებული არ არის, თუმცა, დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ მმართველი პარტია მხარდაჭერას მის სასარგებლოდ დააფიქსირებს.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,სამოქალაქო რეფორმაციის“ დამფუძნებელი ანდრო ბარნოვი ,,გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებული აქვს ,,ქართულ ოცნებას“. ბარნოვის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შემთხვევაში მმართველი პარტია ქვეყანაში არსებულ პროცესებს ჩიხში შეიყვანს.
,,გადაწყვეტილება, ბუნებრივია, დიდი ხანია მიღებული აქვს ერთ ადამიანს, დანარჩენებმა შეიძლება, არც იციან, რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი. სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე უფრო დიდი კატასტროფა შეუძლებელია, რომ ადამიანმა წარმოიდგინოს. ეს არის ყველაზე უარესი პერსპექტივა, მარგველაშვილიც კი ვერ გადაწონის იმ საშინელებას, რაც შეიძლება მისი არჩევის შემთხვევაში მივიღოთ.
მმართველმა პარტიამ არჩევნებში არმონაწილეობით მოკლა ყველანაირი აზარტი. მათ მიაღწიეს იმას, რომ ამომრჩეველთა აქტივობა არჩევნებში ძალიან დაბალი იქნება“, _ გვითხრა ბარნოვმა.
ამ დროისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონწილეობის სურვილი ცესკოში 39-მა კანდიდატმა დააფიქსირა. კანდიდატებიდან, ჯერჯერობით, ოთხია რეგისტრირებული.