საქართველოს მთავრობას მომზადებული აქვს ინიციატივა, რომლის მიხედვით, ექსპორტზე გატანის მიზნით, ნებადართული ხდება მარიხუანას წარმოება.
როგორც ცნობილია, ინიციატივას გუშინ ,,ქართული ოცნების“ სხდომაზე განიხილავდნენ.
,,გურია ნიუსთან“ საუბრისას მმართველი პარტიიდან ალექსანდრე ქანთარია აცხადებს, რომ ინიციატივაზე საუბარია, თუმცა თემა გუშინდელ შეხვედრაზე სიღრმისეულად არ განუხილავთ.
,,ამ თემაზე არის საუბარი, მაგრამ გუშინ განხილვა არ ყოფილა და როდესაც შემოიტანენ პაკეტს, ბუნებრივია, საკითხს განვიხილავთ.
არსებობს ქვეყნები, რომლებსაც ექსპორტზე გააქვთ მარიხუანა, რაც საკმაოდ შემოსავლიანი არის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს აღქმული ისე, თითქოს სახელმწიფო გარიგებისკენ მიდის. არ უნდა გამოიკვეთოს ისე, რომ ხელს ვუწყობთ რომელიმე ქვეყანაში მარიხუანას გავრცელებას. ალბათ, შეზღუდვები დაიწერება და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ, რამდენად გვიღირს კანონ-პროექტის მიღება“, _ გვითხრა ქანთარიამ.
როგორც ცნობილია, პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამ ინიციატივას მხარს უჭერს.
,,გურია ნიუსის“ კითხვაზე _ უჭერს თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილი მარიხუანას წარმოებას? _ ქანთარიამ კონკრეტული პასუხი არ გაგვცა.