ნორვეგიელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თავის ტვინის ქერქის აქტივობის შეცვლა გადაღლის შედეგად ყურადღების კონცეტრაციის დაკარგვამდე ნახევარი წუთით ადრე იწყება. მეცნიერთა აზრით, მომავალში ეს აღმოჩენა გაზრდის მძღოლების, ავიადისპეჩერებისა და იმ სხვა სპეციალისტების მუშაობის უსაფრთხოების დონეს, რომელთა მიერ დაშვებული შეცდომები განსაკუთრებით სახიფათოა გარშემომყოფთათვის.
ნორვეგიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის მიმდინარეობისას რამდენიმე მოხალისე ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვალს ადევნებდა მონიტორის ეკრანზე ცვალებად გამოსახულებებს. ამასთანავე მონაწილეებს უტარდებოდათ თავის ტვინის სკანირება ფუნქციური მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის მეთოდით.
ადრე თუ გვიან, მონოტონური მუშაობის შესრულებისას ყველა მონაწილე იწყებდა შეცდომების დაშვებას, თუმცა, როგორც სკანირებამ აჩვენა, ყველა შემთხვევაში შეცდომებს წინ უსწრებდა თავის ტვინის სტრუქტურის ცვლილებები, რომელთა, დაფიქსირება ხერხდებოდა არასწორი მოქმედებამდე 30 წამით ადრე.
გამოვლენილი ცვლილებები გამოიხატებოდა თავის ტვინის ქერქის წინა ფრონტალური აქტიობის დაქვეითებით, რომელიც მონაწილეობს მიზანმიმართული მოქმედებების მართვაში, ერთდროულად „ირთვებოდა“ სხვა ზონები, რომლებიც ჩვეულებრივ მოსვენების მდგომარეობისას აქტიურდება.
მეცნიერთა აზრით, ასეთი შეცვლა გადაღლილ ტვინს საშუალებას აძლევს, გადავიდეს მუშაობის დამზოგავ რეჟიმზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანი ინტერვალი კონცეტრაციის სრულ დაკარგვასა და მის დასაწყისს შორის შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას ამ პროცესის შესაძლო შედეგების ადრეული გაფრთხილების სისტემა. ასეთი სისტემა მნიშვნელოვნად შეამცირებს ავიადისპეჩერების შეცდომათა ალბათობას ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობას, რომელიც გამოწვეულია საჭესთან მძღოლების ჩაძინებით.