1905 წელს, როდესაც სიტუაცია უკიდურესად იყო დაძაბული, ბათუმის კომიტეტმა გადაწყვიტა ზოგიერთი აქტიური შავრაზმელი პოლიციელის თავიდან მოშორება. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს: მოკლეს და დაჭრეს რამდენიმე პოლიციელი და გარადავოი. ასევე, გადაწყვეტილი ჰქონდათ ბათუმის პოლიცმეისტერ სკვარცოვის მოკვლა. ტერორისტები შეიკრიბნენ ვინმე იოსებ მამალაძის ბინაზე. როდესაც მოქმედების დრო დადგა, ისინი სახლიდან გამოვიდნენ და ქუჩაში შემთხვევით გადაეყარნენ გარადოავოი გოგელიას, როლმელიც, როგორც ჩანს, ყველა მათგანს იცნობდა. გოგელია მოკლეს, მაგრამ ტერორისტების გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა მათივე ამხანაგი დიომიდე ღლონტი, რომელიც მაშინ შემთხვევით გამოსულიყო ქუჩაში. ეს ცუდათ ენიშნათ, მამალაძე და სხვები ტერორისტებს სთხოვდნენ სკვარცოვზე თავდასხმა გადაედოთ, მაგრამ მათ არაფრის გაგონება არ სურდათ (იოსებ მამალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფონდი),,… როდესაც ეტლი გაუსწორდა პირველ ამხანაგს ეტლის ქვეშ გაგორდა მაკედონიის სისტემის ყუმბარა, მარა არ გასკდა. დაინახეს რა, რომ ყუმბარა არ გასკდა, იძვრეს რევოლვერები და ეტლს დაედევნენ. სროლის ხმაზე გამოცვივდნენ იქვე ახლოს მდგარი სალდათების ერთი ,,ვზვოდი” და დაუშინეს ჩვენს ამხანაგებს. სროლის დროს ვასილა შარაშიძე დაიჭრა ფეხში, ერთმა გამხეცებულმა ჯარისკაცმა დაჭრილი ფეხი მას ნაჯახით დაუჩეჩქა. სილევან ივანიძეს ტყვიამ ფილტვებში გაუარა, დაიჭრა მაჭავარიანიც. სკვარცოვი აღმოჩნდა თავში მსუბუქათ დაჭრილი. ასევე, დაიჭრა ერთი კაზაკი ერთი ქართველი მუსლიმანი სტრაჟნიკი და ერთი ჯარისკაცი“ (1905 წელი ბარიკადები ბათომში, 1925). დაჭრილი ტერორისტები დროგზე დაყარეს და რატომღაც საპატიმროს საავადმყოფოს მაგივრად, ქალაქის საავადმყოფოში გაგზავნეს. მაშინ საავადმყოფოში ზედამხედველად კარლო ჩხეიძე მუშაობდა (ეს ის ჩხეიძეა, რუსეთის სათათბიროს სხდომაზე რეაქციონერ დეპუტატ პურიშკევიჩს რეპლიკაზე ,,რა ენაზე ლაპარაკობს ეს კავკასიელი მაიმუნიო”, რომ უპასუხა _ ,,როდესაც თქვენი წინაპრები ტყეებში დაძრწოდნენ, ჩვენები სახარებას თარგმნიდნენო!”), რომელთანაც მოლაპარაკება გამართეს (მამალაძის მტკიცებით კი, ჩხეიძე დახმარების მაგივრად საავადმყოფოდან გაიქცა). იმავე საღამოს, შეიარაღებულ რევოლუციონერთა ჯგუფი საავადმყოფოს კარებთან მივიდა, საკაცეებზე დაწვენილი ტერორისტები ეზოს უკანა კარებიდან გაიყვანა და სამშვიდობოს გაიყვანა. თავდამსხმელებიდან ყველა უვნებლად გადარჩა, მხოლოდ შარაშიძემ დაკარგა ცალი ფეხი. მოგვიანებით, რსდმპ ბათუმის კომიტეტის ხარჯით შარაშიძეს პროტეზი გაუკეთეს.
კარლო ჩხეიძეს სახელთან დაკავშირებულია ერთი კრიმინალური ეპიზოდი: იყო ასეთი ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი რევოლუციონერი პროკოფი დოლიძე ის ორჯერ იჯდა ქუთაისის ციხეში, ციხიდან გამოსვლის შემდეგ დოლიძე შეუერთდა ყაჩაღების ჯგუფს, რომელთაც 1908 წელს ბათუმში მოიტაცა და მოკლა ექიმი ტრიანდაფილიდისი. ამ საქმეს უზარმაზარი რეზონანსი მოჰყვა. სოციალ-დემოკრატიულმა კომიტეტმა როგორც კი გაიგო, რომ დოლიძე ,,ამ სამარცხვინო საქმეში ერია, გასცა განკარგულება ხელი შეეწყოთ მთავრობისათვის ბოროტმოქმედის შეპყრობაში”. დოლიძე, რომელიც იმხანად ლანჩხუთში იმალებოდა, პოლიციას გადასცეს და სასამართლოს განაჩენით სხვა თანამონაწილეებთან ერთად ჩამოახრჩვეს. ქუთაისის საგუბერნიო ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი თბილისში სწერდა, რომ ექიმის მოტაცების ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო სათათბიროს წევრი კარლო ჩხეიძე, რომელიც ბათუმში საავადმყოფოში მუშაობისას ერთ-ერთ გამტაცებელთან, ფერშალ ვიქტორ რამიშვილთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩხეიძესთან დაკავშირებული ეს ჭორები გაავრცელეს ბერძნულმა და თურქულმა დიასპორებმა, რომლებიც ,,იმ დროს მტრულად იყვნენ განწყობილნი ქართული მოსახლეობის მიმართ”.